თაკო მელიქიშვილი ახალი სიმღერაზე მუშაობს. ის უკვე მეორედ კომპოზიტორთან, ცირა ბზიშვილთან თანამშრომლობს. სწორედ ის არის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი.
თაკო მელიქიშვილი: მადლობა ცირას. ესეც ჩემი რეალური ისტორიაა, ისევე როგორც ”ნუ მეტყვი”. ეძღვნება ყველა შეყვარებულს, ვისაც უყვარს და ენატრება. იმედი მაქვს, ის ადამიანიც მოისმენს, ვისაც მივუძღვენი. მას უკვე მეორედ ვუმღერი. ის მაინც მიყვარს, უბრალოდ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვერასოდეს ვიქნებით. მიხარია, რომ უნიჭიერესი კომპოზიტორის სიმღერებს ვასრულებ. ასევე დიდი მადლობა მინდა ზურას გადავუხადო, დარწმუნებული ვარ, მეორე კლიპიც ძალიან საინტერესო იქნება.
ცირა ბზიშვილი: წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პირველი პროექტი ”ნუ მეტყვი” რომელიც შეიყვარა მსმენელმა. კლიპი კი პრემიერის შემდეგ საქართველოს წარმდგენი გახდა საერთაშორისო ონლაინ კონკურსებში. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის სასიამოვნო და სასურველია თანამშრომლობა მომღერალთან, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება საქმეს, რომელსაც შეუძლია შეიყვაროს შენი შექმნილი სიმღერა, ისევე როგორც შენ და მოგცეს ის ნდობა, რომელიც გაძლევს ექსპერიმენტებზე წასვლის საშუალებას, რამაც ალბად განაპირობა უკვე შემდეგი პროექტის შექმნა, რომელსაც აი ასე უბრალოდ – ”უბრალოდ” დავარქვით. ”უბრალოდ” იმიტომ, რომ სიმღერა თაკოს გავს და სპეციალურად მისთვისაა შექმნილი, გახსნილად, გულწრფელად და უბრალოდ ამბობს სათქმელს. ვფიქრობ, ეს გაცილებით საინტერესო პროექტი იქნება. დანარჩენი მსმენელზეა დამოკიდებული, რომელსაც მადლობას მოვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც ”ნუ მეტყვის” ერგო წილად და მადლობას მოვუხდი თაკოს, რომლის დამსახურებაა ეს ყველაფერი,რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ, ამიტომ მემეტება მისთვის საუკეთესო სიმღერები ჩემი შემოქმედებიდან .
სიმღერაზე ”უბრალოდ” იანვრიდან კლიპის გადაღება დაიწყება, რომლის რეჟისორი ისევ კლიპმეიკერი ზურა ციციშვილი იქნება. სატელევიზიო პრემიერასა და კლიპის გადაღების პროცესში ცეკვის თეატრი ”სალხინო” მიიღებს მონაწილეობას.
