ბრილიანტის “კარტიე-ბერტონ-ტეილორი” ისტორია თანამედროვე თრილერის სიუჟეტს ჰგავს, სადაც დიდი ფულიცაა, მამაკაცური პატივმოყვარეობაც და ნამდვილი ვნებებიც.
69, 42 კარატის სამხრეთაფრიკული წვეთის ფორმის ბრილიანტი პირველად 1969 წლის 23 ოქტომბერს გამოჩნდა ნიუ-იორკის Sotheby’s Parke-Bernet-ის აუქციონზე. ძვირფასი ქვის პრეტენდენტებს შორის სხვებთან ერთად ბრუნეის სულთანი და არისტოტელე ონასისიც იყვნენ. თუმცა, ქვის ბედი აუქციონზე გატანამდე გადაწყდა, რადგან მას თვალი ელიზაბეტ ტეილორმა დაადგა. ბრილიანტი სპეციალური რეისით შვეიცარიაში გაიგზავნა, სადაც ჰოლივუდის დედოფალი დიდხანს ტკბებოდა უნიკალური ბრილიანტის ცქერით. ძვირფასი ქვა აშშ-ში აუქციონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა. რიჩარდ ბარტონმა (ელიზაბეტ ტეილორის მეუღლე) ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა, თვითონ კი, პროცესს ლონდონიდან ტელეფონით აკონტროლებდა. ბრილიანტის საწყისმა ფასმა 200 000 დოლარი შეადგინა, ბარტონი მზად იყო მილიონიც გადაეხადა, თუმცა ქვა მაინც ვერ ჩაიგდო ხელში, Cartier-ეს წარმომადგენლებმა ფსონი 50 000-ით გაზარდეს და მსახიობს “განძი” პირდაპირ ცხვირწინ ააცალეს.
აუქციონების ისტორიაში სამხრეთაფრიკული ბრილიანტი პირველი ქვა გახდა, რომელის ღირებულებამ მილიონს გადააჭარბა, Cartier-მ კი, ბონუსის სახით მიიღო უფლება მიეცა მისთვის თავისი სახელი. თუმცა, “კარტიეს ბრილიანტის” წოდება ქვამ დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან ბარტონმა ვერ გაბედა თავის კლეოპატრასთან ცარიელი ხელით დაბრუნება. მოგვიანებით ის თავის დღიურში წერდა: “ეს ქვა მსოფლიოს ულამაზესი ქალის უნდა ყოფილიყო. ჩემთვის აუტანელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ან ჯეკი კენედის ან სოფი ლორენის მფლობელობაში აღმოჩნდებოდა. შემეძლო ორი მილიონიც გადამეხადა, მეტიც, მზად ვიყავი სიცოცხლეც დამეთმო…” თუმცა, უკიდურესი ზომების მიღება საჭირო არ გახდა. ბარტონმა რამდენიმე დღე-ღამე გაატარა ტელეფონთან და როგორც იქნა დათანხმა Cartier-ეს წარმომადგენელი რობერტ კენმორი ბრილიანტი მისთვის მიეყიდა. ალმასმა სამმაგი სახელი “კარტიე-ბარტონი-ტეილორი” მიიღო და საბოლოო მფლობელთან გამგზავრებამდე, რამდენიმე დღით თავს მეხუთე ავენიუზე Cartier-ეს მაღაზიაში იწონებდა. როგორც ამბობენ, მის სანახავად 6 000-ზე მეტი ცნობისმოყვარე მივიდა.
Cartier-ეს იუველირებმა ქვა ბეჭედში ჩასვეს და სწორედ ასეთი სახით მიიღო ის ტეილორმა. თუმცა “ტვირთი” საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ტეილორის თხოვნით ბრილიანტი მასიური კოლიეს ნაწილად გადაკეთდა. სხვათაშორის, სამკაულის სიგრძე და ფორმა განსაკუთრებული გულმოდგინებით შეირჩა, რადგან მას ის შრამი უნდა დაეფარა, რომელიც ტეილორს ტრაქეოსტომიის პროცედურების შემდეგ დარჩა. ძვირფას კოლიეს ისეთივე სერიოზული დაცვა ჰყავდა, როგორც ატომური ბომბს – ჰოლივუდის წყვილის იახტაზე, მონტე-კარლოს ნაპირებთან, მილიონ დოლარად დაზღვეული სამკაული სპეციალურად დაქირავებულმა აგენტებმა მიიტანეს, მოგვიანებით კი, კონტრაქტიც გაფორმდა, რომლის თანახმად ელიზაბეტ ტეილორს ბრილიანტის ტარება წელიწადში მხოლოდ 30 დღე შეეძლო და ისიც მხოლოდ შეიარაღებული დაცვის თანხლებით. პირველად კოლიე გრეის კელის 40 წლის იუბილეზე გამოჩნდა, მეორედ კი, ტეილორმა ის “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო. რიჩარდ ბარტონთან მეორე და საბოლოო განქორწინების შემდეგ ელიზაბეტ ტეილორმა სამკაული აუციონზე გამოიტანა, სადაც 3 000 000 დოლარად გაყიდა და თანხის დიდი ნაწილი ბოცვანაში ჰოსპიტალის მშენებლობაზე დახარჯა.
