LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თექამიქსი” ბათუმში მეორე მაღაზიას გახსნის

შპს ”თექამიქსი” გაფართოებასა და ბათუმში მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც  ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა სუთიძემ განუცხადა, კომპანიამ აჭარაში პირველი მაღაზია ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დახმარებით გახსნა და სამომავლოდ ბათუმს ”თექამიქსის” მეორე მაღაზიაც შეემატება.

”რაც შეეხება თბილისს, აქ მაღაზია არ გვაქვს. ძირითადად ვმუშაობთ შეკვეთებზე. მოდიან ჩვენთან სახელოსნოში, ასევე გვეკონტაქტებიან ინტერნეტის საშუალებით. იქიდან გამომდინარე რომ, შეკვეთების რაოდენობა ისედაც საკმაოდ დიდია, თბილისში მაღაზიის გახსნის საჭიროებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”, – განაცხადა სუთიძემ.

როგორც ”თექამიქსის” მარკეტინგის მენეჯერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კომპანიას წარმოების სამი ხაზი აქვს: პირველი ეს არის თექის პროდუქცია (ტანსაცმელი, სარფები, აქსესუარები) , მეორე- კორპორატიული შეკვეთები და მესამე- შუშის დეკორი ინტერიერისთვის. ”რაც შეეხება ამ უკანსაკნელს, ეს არის ინოვაცია. ჩვენი გამოგონებაა და შესაბამისად, დავაპატენტეთ უკვე 3 წელია. შუშის დეკორი გულისხმობს ორ შუშაში მოთავსებულ აბრეშუმით შესრულებულ ნახატს. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ინტერიერში, ავეჯზე, მაგიდების თუ ვიტრაჟების შესაქმნელად. მასალა მდგრადია, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ექსტერიერის დიზაინშიც”, – განმარტა თამუნა სუთიძემ.

რაც შეეხება ფასებს, მისივე ინფორმაციით, შუშის დეკორი საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია და ყველაზე პატარა ნაკეთობის ფასი იწყება 100 ლარიდან.  ”გვაქვს მაგიდებიც შუშის ზედაპირით. მათი ფასი 400 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდეა. წელს ჩვენს წარმოებას დავამატეთ თემატური აქსესუარებიც. მაგალითად, სახაალწლოდ გავაკეთეთ თექის ნაძვის ხეები და საკმაოდ აქტიური გაყიდვები გვქონდა. ვაპირებთ იგივე აღდგომის პერიოდშიც გავაკეთოთ”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”თექამიქსის” წარმომადგენელმა.

კომპანია ”თექამიქსი” 2007 წელს დაარსდა. სახელოსნოს ის თბილისში ფლობს და საკუთარი პროდუქციის რეალიზებასაც საქართველოს ფარგლებში ახდენს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ნაწარმი ექსპორტზე რუსეთში გადიოდა. როგორც ”თექამიქსში” გვითხრეს რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სამომავლოდ ქართული თექის ნაწარმის რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზარზე გატანას აპირებენ.