საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი.
6.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. 4.53%-ით არის გაზრდილი რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა.
რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით აღემატება 2014 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა, რაც 5.91%-ით აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს.
232%-ით არის გაზრდილი 2015 წელს მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის აპრილიდან „Wizz Air Ukraine”-ის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხებული იყო საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები (182 954 მგზავრი) გადაიყვანა. აღნიშნული კლების შესამცირებლად სხვადასხვა ავიამიმართულებების დამატების მიზნით აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები.
