„ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ შესახებ პროექტი მთავრობის სხდომაზე არ დაამტკიცეს. როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების შესახებ მთავრობა მას შემდეგ მიიღებს, რაც საკითხზე ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებთან კონსულტაციები გაიმართება.
მინისტრის განმარტებით, ამის შემდეგ საკითხს ეკონომიკურ გუნდში განიხილავენ და ფინანსური ტვირთის შესახებ „სრული სურათის დანახავის“ შემდეგ სტრატეგიაც და სამოქმედო გეგმაც დამტკიცდება.
„მთავრობის სხდომაზე მსჯელობისას გადაწყდა, რომ უფრო ნათლად უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორი იქნება საბიუჯეტო და ფინანსური ტვირთი ამ თვალსაზრისით და რამდენად იქნება ჰარმონიზებული ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. ჩვენ პირადად განვიხილავთ ნარჩენებს, როგორც რესურსს. არა როგორც დამატებით ხარჯს, არამედ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლების გენერირების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეკონომიკის ახალი დარგი ჩამოყალიბდეს კიდეც ქვეყანაში. ამის საკმაოდ წარმარტებული პრაქტიკა არის უცხოეთში და გვინდა რომ ეს კარგი გამოცდილება გავიზიაროთ ჩვენც“ – განუცხადა „ფორტუნას“ აგულაშვილმა.
მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დღეს განიხილეს.
