მიწის რეგისტრაციის საკითხზე 8 თებერვალს იუსტიციის მინისტრი დეპუტატებს შეხვდება და მიწის რეგისტრირების წახალისების კონცეფციას განიხილავს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ კონცეფცია სამუშაო ფორმატში რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა.
„შევიმუშავეთ ხედვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი მოქალაქეები, რომელებსაც მაგალითად, არ აქვთ საბუთი, მაგრამ ფაქტობრივად მრავალი თაობის მანძილზე საკუთრებაში აქვთ მიწა, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ეს საბუთები მოიძიონ; როგორ უნდა მუშაობდეს მიწის ამზომველი, რადგან ჩვენ ამზომველების პრობლემაც გვაქვს და არის შემთხვევები, როცა ცუდად აზომილი მიწების გამო, მოქალაქეებს სასამართლოში სიარული უწევთ; როგორ უნდა გასწორდეს ეს და მოიხსნას დიდი ფინანსური ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთ მოქალაქეს დაირეგისტრიროს საკუთრება“,- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საქართველოში მიწის ბაზარი უნდა განვითარდეს და ამ განითარებაში საჯარო რეესტრმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.
„მიწის რეგისტრაცია უნდა გახდეს უფრო ადვილი, უფრო სანდო. მთლიანობაში სხვადასხვა კანონპროექტები არის ერთი დიდი პროცესის ნაწილი – კერძო მესაკუთრის დაცვა და მიწის მარეგისტრირებელი ნორმების გამარტივება“ – აღნიშნა წულუკიანმა.
