LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები შარშან 25%-ით შემცირდა

2015 წელს წინა წელთან შედარებით უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ავრცელებს.

როგორც საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიურ ბიულეტენშია” აღნიშნული, 2015 წლის იანვარ-დეკემბერში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა.

“აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა.  საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტი 23%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 3.7%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში,”- აღნიშნულია ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიურ ბიულეტენში.”

ამასთან, საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით შემცირდა და 2,447 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი” ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.