გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათეულის მეთაური, პოლიციის კაპიტანი ლევან წიკლაური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი თამარ მიგინეიშვილი ესტუმრნენ.
გადაცემის თემა კი შსს-ს მიერ ინიცირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გახლდათ.
– მოგვიყევით სკოლებში თქვენი ვიზიტების შესახებ…
– შსს-მ დაიწყო ახალი კამპანია, ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”. კამპანიის ფარგლებში დავდივართ სკოლებში, ვხვდებით მე-3, მე-4 და მე-5 კლასელებს. ძალიან უხარიათ ჩვენი დანახვა. დაახლოებით 30-მდე სკოლაში ვიყავით უკვე, წავიკითხეთ ე.წ. გაკვეთილები. შეხვედრებს სახალისოდ ვატარებთ, ვხსნით საგზაო მოძრაობის წესებს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ფორმა, პოლიციური აღჭურვილობა და ვცდილობთ ხოლმე რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით მივიდეთ, რადგან ძალიან აინტერესებთ ჩვენი ავტომობილები. აინტერესებთ რა განსხვავებაა ”შკოდასა” და ”ფორდის” მარკის საპოლიციო ავტომობილებს შორის, თუმცა გეტყვით, რომ აღჭურვილობა ერთნაირია ორივეგან.
– რა არის ვიზიტების მიზანი?
– ხშირად მშობლები პატარებს აშინებენ, რომ თუ არ შეჭამენ, პატრულს დაურეკავენ და ჩვენ წავიყვანთ. რა თქმა უნდა, ასეთები არ ვართ. მეც ვიხსენებ ხოლმე ჩემი სკოლის პერიოდს და მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩემს დროსაც ასე ყოფილიყო. კლასში თავს მათ ასაკში წარმოვიდგენ ხოლმე და ვცდილობ ისე წარვმართო გაკვეთილი, რომ სახალისო და საინტერესო იყოს. წესით, გაკვეთილი 45 წუთს უნდა გაგრძელდეს, თუმცა საათნახევარი, ორი საათი გვიგრძელდება. ჩვენ ვამსხვრევთ იმ მითს, რომ ბავშვი, რომელიც არ ჭამს, მას პატრული არ წაიყვანს, ჩვენ არ ვართ დამსჯელი რაზმი. ჩვენც ადამიანები ვართ და მათთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს. სემესტრში 3-4 გაკვეთილია გათვალისწინებული და ყოველი ჩვენი შეხვედრა მთავრდება იმით, რომ ითხოვენ ჩვენთან შეხვედრას. სხვათა შორის, მასწავლებლებსაც უნდათ, რომ დავბრუნდეთ, რადგან ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ბავშვები ძალიან მოწესრიგებულად იქცევიან. კამპანია აუცილებლად გაგრძელდება. აქტიურები არიან როგორც ბიჭები, ისე გოგონები, თუმცა მათ მიერ დასმული შეკითხვები განსხვავდება ერთმანეთისგან.
– რატომ გახდით პოლიციელი?
– ბავშვები ცდილობენ ხოლმე მშობლებს მიბაძონ. მამაჩემიც ყოფილი თანამშრომელია და სულ მომწონდა ფორმა, დისციპლინა და მომწონს ის, რომ ვიცავთ კანონს და ვცდილობთ მოქალაქეებს დავეხმაროთ.
– რამდენად არიან ბავშვები ინფორმირებულები?
– იმაზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა მათ ასაკში. ძალიან განათლებულები არიან ასაკის მიუხედავად. ძალიან ბევრი ნიშანი იციან.
– პატრული უსმენს ავტომობილში რადიოს?
– ვერ ვუსმენთ. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოძახებაა, ვარეგულირებთ მოძრაობას… დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი, ამისი შესაძლებლობა რომ იყოს.
– როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
– პოლიციელისთვის დილა რვის ნახევრიდან იწყება. ვემზადებით იმისათვის, რომ ხაზზე გავიდეთ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღის შინ წაღების უფლება არ აქვთ. დილას პოლიციელები აწერენ ხელს, რომ ნამდვილად გამოცხადნენ, ეძლევათ იარაღი, შემდეგ ვაძლევთ განწესს, ყოველ დილას და საღამოს ვეუბნებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ იყვნენ ზრდილობიანები. სამუშაო დღე 12-13 საათის განმავლობაში გრძელდება.
– თამარ, რატომ გახდით პოლიციელი?
– ღრმა ბავშვობიდან მინდოდა, რომ პოლიციელი ვყოფილიყავი, შემდეგ გადამიარა. მივიღე იურიდიული განათლება და ვფიქრობდი, რომ საადვოკატო საქმეს გავაგრძელდებდი, თუმცა ბოლოს პოლიციელობა გადავწყვიტე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. როდესაც მოქალაქეს სწორად აუხსნი რას არღვევს, პრეტენზია ნაკლებია. ყველაზე გავრცელებული დარღვევებია მობილურზე საუბარი, ღვედის არ შეკვრა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევა.
– როგორია თქვენი სამუშაო დღე?
– ძალიან ადრე ვიწყებთ დღეს, რთული სპეციფიკაა, განსაკუთრებით ქალისთვის, თუმცა, როდესაც ქალი იწყებს პოლიციაში მუშაობას, ეს გაცნობიერებული აქვს. მე მიმაჩნია, რომ ქალი პატრული აუცილებელია, არის შემთხვევები, კონფლიქტები, როდესაც ქალი უკეთ განმუხტავს სიტუაციას.
– როგორ გხვდებიან ბავშვები თქვენ?
– ბავშვები საკმაოდ მომზადებულები არიან. ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. ყოველთვის, როდესაც სრულდება შეხვედრა, გვეკითხებიან, კიდევ თუ დავბრუნდებით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებს ვურჩევ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები საკუთარი თავისთვის და არა იმიტომ, რომ არ დაჯარიმდნენ. ჩვენი ვიზიტისას ამბობენ, რომ სურთ გამოვიდნენ პოლიციელები და ძალიან გაგვიხარდება, თუკი ჩვენი ”მიზეზით” გადაწყვეტენ ამ გზის არჩევას.
გადაცემის ჩანაწერი
