თელავში, სასათბურე პირობებში წარმოებული სოკო საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ”ფორტუნას” მცირე მეწარმე მელანო დადალაურმა განუცხადა, GCARD (the Third Global Conference on Agricultural Research for Development )-ის ფარგლებში გამოცხადებულია პროექტი სახელწოდებით YAP (the Youth Agripreneurs Project), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აგროკულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი დაფინანსებულია აგროკულტურის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ და YPARD (the Young Professionals for Agricultural Development) – ის მხარდაჭერით ხორციელდება.
”ჩვენი სოკო , ბიზნეს იდეის სახით, წარდგენილი გვაქვს ამ ფორუმზე. 13 მარტამდე სოციალური ქსელის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს საუკეთესო იდეის მქონე 20 მონაწილე და შემდეგ უკვე ამ 20-დან, ფორუმის ორგანიზატორები შეარჩევენ 10 გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემათ 5 ათასი დოლარი საკუთარი წარმოების განსავითარებლად”, – აღნიშნა დადალაურმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თელავში წარმოებული სოკო, სოციალური ქსელის მიხედვით, აღნიშნული ფორუმის მონაწილეთა შორის ლიდერობს.
როგორც მცირე მეწარმემ განმარტა, თელავში სოკოს წარმოება ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიწყო. ”ოჯახურ პირობებში მოვაწყვეთ სათბური. ნამჯის ტომრებზე ითესება სოკო და რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე”, – აღნიშნა მელანო დადალაურმა.
მისივე თქმით, პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სათბურმა 2 500 ლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო, რის საფუძველზეც სათბური კიდევ უფრო განახლებული ტექნოლოგიებით აღიჭურვა.
რაც შეეხება წარმოებული სოკოს მოცულობას, სათბურში ყოველთვიურად 200-დან 250 კილოგრამამდე სოკო მოჰყავთ. სოკოს ჩასაბარებელი ფასი კი 3 ლარიდან 6 ლარამდე მერყეობს.
