ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ,,რესპუბლიკელები” კოალიციაში რჩებიან და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, „ზოგიერთს ისევ მოუწევთ მათი ატანა.“დეპუტატმა ყურადღება ორპარტიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა.
,,ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ,,რესპუბლიკური პარტია” ერთი მხრივ და ,,ქართული ოცნება” მეორე მხრივ, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვებს და მოაწერენ ხელს იმ შეთანხმებას, რომელიც არის შეთანხმება ნორმალურ, ჩვეულებრივ, წესიერ ქვეყნებში, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ ასეთი სურვილი, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ეს სურვილი გამოხატული გვაქვს. გვინდა, რომ ასეთი შეთანხმება გვქონდეს, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი, ვის რა უფლება აქვს. როგორც პრემიერმა დღეს დაადასტურა, ასეთი საუბარი მართლა იყო. რაც შეეხება სტრატეგიულ შეთანხმებას, ეს არის პარტნიორობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გავაძლიერებთ პარტნიორობას და არ შევასუსტებთ. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
