საქართველოს ნაკრების დაცვაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკვე დიდი ხანია უჩა ლობჟანიძე თამაშობს. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის შეუცვლელი წევრია. უჩა რამდენიწლიანი უცხოური კარიერის შემდეგ ახლახან საქართველოში დაბრუნდა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა.
სხვათა შორის, უჩას საკლუბო კარიერა სწორედ თბილისის „დინამოში“ დაიწყო 2004 წელს. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“, მალევე გადავიდა „ზესტაფონში, სადაც წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა და სწორედ იმერული კლუბიდან აღმოჩნდა უკრაინაში: 2010-2014 წლებში დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა ერთი ხანობა განათხოვრებული იყო „კრივბასში“. იჯარიდან დაბრუნებულმა „დნიპროს“ დატოვება გადაწყვიტა და ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა. იანვრიდან კი ისევ თბილისის „დინამოშია“.
რატომ ვერ იგებს საქართველოს ნაკრები და როგორია უჩა ლობჟანიძის პირადი ცხოვრება, ამას მასთან ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
– პირველად ჭიდაობაზე შემიყვანეს, 7 წლის ვიყავი, თუმცა არ მომეწონა და მალევე ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში გადავიპარე. იმ დროიდან ინტენსიურად ვვარჯიშობდი, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად. 12 წლის უკვე „ნორჩი დინამოელის“ აკადემიაში გადავედი, 4 წელიწადში კი თბილისის „დინამოს“ აკადემიაში.
– თავიდანვე გინდოდა, რომ წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყავი, თუ ბავშვობაში სხვა პროფესიაზეც ოცნებობდი?
– ბავშვობის მოგონებები მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება, თუმცა ბებიაჩემი მეუბნება, ექიმობა გინდოდაო, რაც მე არ მახსოვს.
– როგორ მოხვდი უცხოურ კლუბებში?
– 2007 წელს „ზესტაფონში“ დავიწყე თამაში. შესარჩევი ტურის დახმარებით „ზესტაფონიდან“ პირდაპირ უკრაინაში მოვხვდი. 2010 წლიდან დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შემადგენლობაში ჩავირიცხე. სულ უკრაინაში 4 წელი ვითამაშე და შემდეგ ისევ შევიცვალე გუნდი. კვიპროსში, ნიქოზიის „ომონიაში“ გადავედი. ნიქოზიიდან კი ისევ საქართველოში გადავწყვიტე დაბრუნება.
– რატომ გადაწყვიტე უკრაინიდან კვიპროსისკენ გადაგენაცვლა?
– რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. უფრო მაინტერესებდა ევროპისკენ რა ხდებოდა, მაგრამ კვიპროსი მთლად ევროპა არ აღმოჩნდა.
– რაც შეეხება გართობას. საზღვარგარეთ ცხოვრებისას, კარიერული ზრდის გარდა, გართობისთვის თუ გრჩებოდა დრო?
– ძალიან იშვიათად ვახერხებდი გართობისთვის დრო დამეთმო. თუ გუნდი რაიმეს აღნიშნავდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავდიოდი, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მაშინაც და ახლაც მხოლოდ ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული. დაბადების დღეზეც კი ბოლოს როდის ვიყავი აღარ მახსოვს. ზოგადად ხალხს ჰგონია, რადგან ფეხბურთელები ვართ, ყველაფერი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ რაც მოგვინდება, თუმცა ეს ასე არ არის. პირიქით, თუ ხარ ფეხბურთელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ რამეს აკლდები. ქორწილები და სხვადასხვა წვეულებები ძირითადად შაბათ-კვირას ხდება, ჩვენ კი შაბათ-კვირას ყოველთვის ტური გვაქვს.
– ამასობაში შენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპიც დადგა და დაოჯახდი. როგორ გაიცანი შენი მეუღლე და გაგიჭირდათ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება?
– შეიძლება ითქვას, რომ მარიამი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან. სადაც ახლა ვცხოვრობთ, ახლოს არის ესთეტიკის ცენტრი, სადაც მარიამი დადიოდა. ერთ დღეს, როდესაც შინიდან გავედი, ის მოვიდა და დავინახე. შემდეგ ისე მოხდა, რომ სახლის გასაღები მეგობრის მანქანაში დამრჩა და სანამ მეგობარი გასაღებს მომიტანდა, დასალოდებლად სწორედ იმ ესთეტიკის ცენტრში შევედი. მარიამიც შემთხვევით იქ დამხვდა. მალევე გავიცანი. მართალია თავიდან ცოტა ცივად მპასუხობდა, მაგრამ თანდათან ჩვენი ურთიერთობა აეწყო. მე ძირითადად კვიპროსში ვცხოვრობდი. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მივხვდი, რომ მარიამი გაზრდილი და შემდგარი იყო. ვიფიქრე, ამას აქ არავინ გააჩერებს და მალევე შეუღლება გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მქონდა და თბილისში ყოფნას მხოლოდ 2-3 დღე ვახერხებდი, ყველაფერი ტრადიციების დაცვით გავაკეთეთ. ქორწილის დღესაც პირდაპირ აეროპორტში ჩამაცვეს პიჯაკი და ისე მივედი. მეორე დღეს მალდივებზე გავფრინდით. შემდეგ მე კვიპროსში დავბრუნდი, მარიამი კი თბილისში დარჩა უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად. შემდეგ კი ისიც კვიპროსში ჩამოვიდა.
– თბილისური ცხოვრება გირჩევნიათ თუ კვიპროსული?
მარიამი: – მე ძალიან არ მომწონდა კვიპროსში ცხოვრება. სულ მინდოდა თბილისში ჩამოვსულიყავით. საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა ძალიან რთული აღმოჩნდა.
უჩა: – ყველაზე კომფორტულად მეც თბილისში ვგრძნობ თავს, თუმცა ჩემი კარიერისთვის საჭირო იყო, რომ სხვა ქვეყნებშიც მეცხოვრა. კვიპროსიდან უნდა წამოვსულიყავით. სხვა ქვეყანაში გადასვლას კი ისევ საქართველო ვამჯობინე. თან მარიამი ორსულადაა და მინდა ბავშვი საქართველოში დაიბადოს.
– როგორი ცოლია მარიამი, ეხერხება გემრიელი კერძების მომზადება და დიასახლისობა?
მარიამი ძალიან კარგი მეუღლეა. დედამისს გათამამებული ყავს გაზრდილი, ყველაფერს ის უმზადებდა, ამიტომ დიდად არ ეხერხებოდა ოჯახური საქმეები, მაგრამ როდესაც კვიპროსში ვცხოვრობდით “skype”-ის საშუალებით დედამისი ასწავლიდა სხვადასხვა კერძების მომზადებას და კარგადაც გამოსდიოდა. ახლა უკვე “skype” აღარ სჭირდება და თავადაც ყველაფერს მშვენივრად აკეთებს.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– სამომავლოდ არ ვიცი რას გადავწყვეტ, ჯერჯერობით არ მაქვს დაგეგმილი. ახლა “დინამოში“ ვარ და მომდევნო თამაშზე ვფიქრობ.
– პოზიციით მცველი ხარ. რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გინდა რომ ითამაშო, ან გინდოდა რომ გეთამაშა და უკვე აგიხდა ეს სურვილი?
– სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით არავის წინააღმდეგ არ მდომებია თამაში, მაგრამ მესისთან თამაშზე უარს არ ვიტყოდი.
– რომელ მწვრთნელს გამოარჩევდი, ვისთანაც მუშაობა მოგიწია?
– გულახდილად გეტყვით, თავს ყველაზე კომფორტულად გია გეგუჩაძესთან ვგრძნობდი. სწორედ მასთან თამაშის პერიოდს გამოვარჩევდი ყველაზე მეტად.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ფეხბურთელებს ერთმანეთთან და ყოფილა თუ არა დაძაბული მომენტებიც?
– ბუნებრივია, ყველა ადამიანს შეიძლება რაიმე უსიამოვნება მოუვიდეს და ჩვენს შორისაც ყოფილა პატარ-პატარა გაუგებრობები, თუმცა საგანგაშო არაფერი. ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს.
– რომელ თამაშებს გამოარჩევდი საქართველოს ნაკრებში?
– ძირითადად კარგი თამაშები არ გვაქვს, იმიტომ რომ თითქმის სულ ძლიერი გუნდები გვხვდება და ხშირად ვაგებთ, მაგრამ გერმანიასთან და ესპანეთთან თამაშს მაინც აღვნიშნავდი.
– როგორ გგონია რატომ ვერ აჩვენებს საქართველო კარგ შედეგებს საერთასორისო ასპარეზზე?
რა დონის ქვეყანაც გვაქვს, იმ დონის ნაკრები გვყავს. ფეხბურთი მსოფლიოში ძალიან პოპულარული სპორტია და მას დიდი ფინანსებიც სჭირდება. საზღვარგარეთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად გერმანია, 17 წლის ფეხბურთელი უკვე ჩამოყალიბებულია, აქ კი დამწყებ ფეხბურთელებს შესაბამისი პირობები და აღზრდა არ აქვთ, რომ სწორად განვითარდნენ. ლობიანის ჭამით ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. საჭიროა სწორი კვება, რეჟიმი, ათასი ნიუანსი, რასაც აქ დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
– როგორი წარმოგიდგენია ცხოვრება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებ?
– სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მინდა ბოლომდე ვითამაშო ფეხბურთი. შემდეგ კი სავარაუდოდ რაიმე ბიზნესს დავიწყებ. მინდა მყავდეს ბევრი შვილი და ვიყო კარგი მამა. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ჩემ პროფესიას თუ გაყვება რომელიმე ჩემი შვილი, მაგრამ თუ ნიჭი არ ექნებათ, ფეხბურთზე არ ვატარებ და მივცემ იმის ნებას, თავად აირჩიონ მომავალი პროფესია.
ნინო როსტიაშვილი
