ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტში, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.
”ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველო გარკვეულწილად მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რადგან ზამთრის თვეებში, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტია ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება, გვიწევს მისი დამატებით შემოტანა მეზხობელი ქვეყნებიდან, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ქვეყანა შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. ეს ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვახერხოთ და უახლოეს მომავალში საქართველო, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ავითვისოთ და რაციონალურად გამოვიყენოთ ის რესურსები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
