LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დულგაძეების ღვინის კომპანია” ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გააფართოებს

”დულგაძეების ღვინის კომპანია”, რომელიც აქამდე ღვინის ექსპორტით იყო დაკავებული და საქართველოში მხოლოდ ცქრიალა ღვინით („სამეფო“) და ღვინის ბრენდის 7 სახეობით იყო წარმოდგენილი, საკუთარი ღვინის ქართულ ბაზარზე რეალიზებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, გიგი არონიშიძემ განუცხადა, ”დულგაძეების ღვინის კომპანიის” პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე უკვე მარტის ბოლოდან გამოჩნდება.

”ჩვენი კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია საქართველოში არსებულ ექსპორტზე მომუშავე ღვინის კომპანიებს შორის. აქამდე ადგილობრივად ჩვენი ღვინოები არასდროს გაყიდულა. ამ თვეში კი ქართველი მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს ”დულგაძეების ღვინის კომპანიის” მიერ წარმოებული 30-მდე სახეობის ღვინო”, – აღნიშნა არონიშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღვინის საწარმო გადაიარაღდა და აღიჭურვა გერმანული, იტალიური და ფრანგული თანამედროვე დანადგარებით. გაიზარდა საწარმოს წარმადობა.

”დულგაძეების ღვინის კომპანია” საკუთარ პროდუქციას რებრენდინგის შემდეგ ახალი შეფუთვით გამოუშვებს.

“დუგლაძეების ღვინის კომპანია”  2004 წელს შეიქმნა. კომპანია დაფუძნებულია ერთ-ერთი ძველი ღვინის ქარხნის ბაზაზე. დღეისათვის კომპანიამ გაიარა რებრენდინგი და ახალი სავაჭრო ნიშნით “Dugladze Wines&Spirts” ოპერირებს ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს 30-მდე სახეობის უმაღლესი ხარისხის ღვინოს, 7 სახეობის ღვინის ბრენდს და 3 სახეობის ცქრიალა ღვინოს.