„ისლამურმა სახელმწიფომ“ ევროპაში მასშტაბური ტერაქტების განსახორციელებლად 400-ზე მეტი მებრძოლი გაწვრთნა, ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. მათ აქვთ დავალება, სწორად შეარჩიონ დრო და ადგილი, რათა მსხვერპლი დიდი იყოს.
ევროპის ქვეყნებისა და ერაყის დაზვერვის სამსახურების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯიჰადისტური ქსელების ჩამოსაყალიბებლად მებრძოლების წვრთნა სირიასა და ერაყში, სპეციალურ ბანაკებში მიმდინარეობდა.
სანამ პოლიცია მოკლავდა, პარიზის ტერაქტებში მონაწილე ჯიჰადისტების მეთაური ამბობდა, რომ ის ევროპაში მულტინაციონალურ 90 კაციან ჯგუფთან ერთად შევიდა, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მიმოიფანტნენ.
ერაყის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯიჰადისტების იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელმაც პარიზის ტერაქტი დაგეგმეს, გერმანიაში, ბრიტანეთში, იტალიაში, დანიაში და შვედეთში იმყოფებიან. ახალი ჯგუფი კი ევროპაში ცოტა ხნის წინ თურქეთიდანაც გადავიდა.
