დონორთა საკოორდინაციო ფორუმი განიხილება, როგორც მჭიდროდ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს პროექტები და პროგრამები უფრო ეფექტურად განახორციელოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონორთა კოორდინაციის ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის, საქართველოში დონორი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ თანამშრომლობა ეფექტიანი იყოს, ფოკუსირება სტრატეგიულ პრიორიტეტებზე უნდა გაკეთდეს.
”ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდებში მეწარმეობის სულისკევეთების გაჩენა, ახალი ბიზნესის წამოწყების დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და სწორი მარკეტინგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი პირობაა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტები ”აწარმოე საქართველოში”, ”აგროდაზღვევა” და ”დანერგე მომავალი” გააცნო. მან ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ახალი მიმართულებების განვითარება, მაგალითად, ბახმაროს და ლებარდეს ტურისტული პოტენციალის ამოქმედება, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გადასაჭრელი მნიშვნელოვანი საკითხები, ინფრასტრუქტურის სფეროში, რომლებიც უმოკლეს ვადებში უნდა მოგვარდეს.
კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ბათუმში მერვე მინისტერიალის კონფერენცია გაიმართება ”გარემო ევროპისათვის”. საქართველოს პრემიერ მინისტრმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიწვია.
