LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი ”ბანი” რუსეთში კონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში ჯგუფი ”ბანი” სოფო ქანთარიასთან და ალექსანდრ გურაკოვთან ერთად ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ “ბანის” წევრები არიან: მათე ფირცხალავა, რაულ ბიწაძე, გელა გოგიშვილი, გოგა ნიკოლაძე, ბესო კვიციანი, ბესო მეტრეველი და ბექა მიქაძე.


– მოგესალმებით მეგობრებო, რა სიახლეები გაქვთ?

ბექა: – ყველაზე კარგად ვართ, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვართ. ეს ნახევარი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, კონცერტები გვქონდა რუსეთის რამდენიმე ქალაქში, ყველა კონცერტი წარმატებით ჩავატარეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი ვლადიკავკაზისა და სოჭის კონცერტები იყო, ემოციებით, დახვედრით, აპლოდისმენტებით.


რა პროგრამით წარსდექით ამ კონცერტებზე?

რაული: – იყო როგორც კარგად ნაცნობი სიმღერები, ისე ახალი კომპოზიციებიც. ჩვენ ჩვენი მოცეკვავეებიც გვყავს და ერთად გამოვედით სცენაზე. ყველა სიმღერა მხოლოდ ქართულად შესრულდა. ქავერები არ გვაქვს, ეს თემა არ გვაინტერესებს, რასაც ახლა ვაკეთებთ ის უფრო საინტერესოა.


– საიდან დაიწყო ”ბანმა” მოღვაწეობა?

ბექა: – 2011 წელი იყო, ჩვენი ისტორია მიწისქვეშა გადასასვლელიდან დაიწყო, სადაც ვუკრავდით. მეგობრობით დაიწყო ყველაფერი და ასე მოვედით დღემდე, ამიტომაც ვართ ასეთი შეკრულები. დაახლოებით 20-მდე სიმღერა გვაქვს ჩაწერილი, ერთი ალბომი უკვე გვაქვს, ახლა მეორეზე ვმუშაობთ.


– თქვენი გასვლა საზღვარგარეთ რამ განაპირობა, გყავთ თუ არა სპონსორი, ან პროდიუსერი?

– სპონსორი არ გვყავს, წინანდებურად თვითდაფინანსებაზე ვართ. რუსეთის ამბავი ალბათ იმიტომ გამოგვივიდა, რომ იქაური ქართველები ძალიან აქტიურობდნენ.


– ვინ წერს თქვენთვის სიმღერებს?

– ჩვენი ყველა საავტორო სიმღერის ავტორი არის ჭაბუკა ამირანაშვილი, ტექსტების ავტორი კი ამირან ჭიღლაძეა.


– სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…

– 6 მაისს ჰოლანდიაში გვაქვს კონცერტი. იქაც ქართველი ემიგრანტებისთვის ვიმღერებთ. ამის შემდეგ წავალთ მოსკოვში, სადაც კონცერტი 14 მაისს არის დაგეგმილი.


– რომელია ყველაზე პოპულარული სიმღერა?

– ეს არის ”კავკასიური ბალადა”, ყველაზე მეტი ოვაცია ამ სიმღერაზეა. ემიგრანტებს ძალიან მოსწონთ ”სამშობლო”. რამდენიმე ახალი სიმღერა უკვე ჩაწერილია, მალე ახალი ალბომი გამოვა, თუმცა
თარიღი ჯერ უცნობია. გაყიდვაში არ ჩაეშვება, აზრი არ აქვს, სასაჩუქრე ვერსია იქნება.


– სოფო, თქვენი სტუმრობის მიზეზზე ვისაუბროთ, ”ბანი” მოსკოვში გამართავს კონცერტს, რომლის ორგანიზატორი თქვენ ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ”ბანის” წაყვანა?

– ეს არის ჩემი სურვილი პირველ რიგში, ასევე ქართველი ემიგრანტების მოთხოვნა. ”ბანი” რუსეთში არა მხოლოდ ქართველებს უყვართ.


– გაქვთ პროექტი საქართველოს ხმები, რა არის მისი არსი?

– ”საქართველოს ხმები” თავისებურად უნიკალური პროექტია. საუბარია მხოლოდ მომღერლებსა და ქორეოგრაფიულ ჯგუფებზე, ვინც რუსეთში მოღვაწეობს. ჩვენი მისიაა ის, რომ რაც ქართველებს გამოსდით საუკეთესოდ, დაინახონ სხვა ქვეყანაშიც. მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობისა, ხელოვნებას თავისი გზა აქვს, გზა რომელიც სიყვარულსა და მეგობრობას თესავს.


– ვინ არის თქვენი პროექტის ძირითადი მაყურებელი?

– ძირითადად რუსი მსმენელი გვყავს, ქართველები ნაკლებად დადიან ქართული პროექტების სანახავად. როდესაც ქართველები სცენაზე გამოდიან, რუსებს ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ. მაცხოვრის ტაძარში გამართულ კონცერტს ვგულისხმობ. ალექსანდრე ჩემი პარტნიორია, ჩვენ ვართ პროექტ ”საქართველოს ლეგენდების” დამფუძნებლები. ჩვენი საერთო პროექტია ”ბანის” კონცერტი 14 მაისს, ასევე ”ერისიონის” კონცერტი მოსკოვსა და სანკპეტერბურგში. მე და ალექსანდრე ვაკეთებთ გელა გურალიას საკონცერტო ტურნეს, რომელიც კრემლის დარბაზში 17 ნოემბერს დასრულდება.


– თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

– 14 მაისს ”ბანის” კონცერტი იქნება ”მწვანე თეატრში”. ”ქართული საზაფხულო ფესტივალი” 4 ივნისს არის დაგეგმილი. 16 ივნისს სანკპეტერბურგში, 18-19 ივნისს კი ანსამბლი ”ერისიონი” მოსკოვში
”მწვანე თეატრში” გამოვა.


– ბატონო ალექსანდრე, რატომ ეწევით ქართული სიმღერის პოპულარიზაციას?

– მე და სოფომ ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. მე და ჩემმა მეუღლემ აქ ვიქორწინეთ, ჩვენთან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა. საქართველო მუსიკალური ქვეყანაა. ქართველების 70% მღერის და ცეკვავს, შედიხარ კაფეში, მიდიხარ ქუჩაში და ყველგან სიმღერა გესმის. არის ბევრი ქართველი მომღერალი, რომლებმაც გაითქვეს სახელი, თუმცა ასევე არიან ისინი, ვისაც ჯერ ფართო მასები არ იცნობენ, მაგალითად დათო კენჭიაშვილი, ან ჯგუფი ”ბანი”.  მოდით, ნუ ავურევთ ერთმანეთში პოლიტიკსა და უბრალო ადამიანებს. ჩემს გარშემო სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრად საქართველოში მოდის. ჩვენს მიერ გამართულ კონცერტებს 90% რუსები ესწრებიან. კულტურას პოლიტიკა ხელს ვერ უშლის. მალე ჩავუშვებთ საზაფხულო ფესტივალს, ეს იქნება კონცერტი, სადაც ქართული კულტურის წარმომადგენლებს მივიწვევთ.


– რა მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?

– ქორწილის შემდეგ წონაში ვერაფრით ვერ ვიკლებ, მეუღლე მეჩხუბება. ქართული სამზარეულო ცალკე თემაა. ჩვენ მოვიარეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ვისაც არ უნდა მიმართო დახმარებისთვის, ყველა მზად არის ამისათვის. ჩვენ აქ კიდევ არაერთხელ დავბრუნდებით. მინდა მშვიდობა, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა გისურვოთ და კიდევ, დაინდეთ ქვეითები საქართველოში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioDamzadebulia – Bani

ჯგ. ბანი – აჭარული.LIVE



ჯგ. ბანი – კავკასიური ბალადა. Live

ჯგ. ბანი – სვანური.LIVE


ვიდეო კოლაჟი

ფოტოები