მამაკაცი კომპანია Microsoft-ში მეეზოვედ დასაქმებას შეეცადა. კადრების განყოფილებაში მას კითხვები დაუსვეს, ტესტირება ჩაუტარეს და ბოლოს შეატყობინეს: ”- გილოცავთ, თქვენ მიღებული ხართ სამსახურში. დატოვეთ თქვენი e-mail და ჩვენ სამუშაო გრაფიკს გამოგიგზავნით”.
”არც კომპიუტერი მაქვს, არც e-mail”, – აღიარა მამაკაცმა.
”სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი დასაქმება, რადგან თქვენ ვირტუალურად არ არსებობთ, e-mail-ით ოპერატიული კავშირი თანამშრომლებთან და ეფექტური გუნდური სამუშაოს შეთანხმება კი, Microsoft-ის მთავარი პრინციპია”, განუცხადეს კომპანიაში.
დასაქმების მსურველს სხვა გზა არჰქონდა, წავიდა და გზაში ფიქრობდა, როგორ ეშოვა ფული კომპიუტერის შესაძენად. ჯიბეში მხოლოდ 30 დოლარი ჰქონდა და ერთადერთი, რაც შეეძლო – ეყიდა ფერმერისგან 10 კილოგრამი ვაშლი, გასულიყო ქუჩაში და გაეყიდა ”გემრიელი და სასარგებლო ეკო-პროდუქტი”.
რამდენიმე საათში მისი სასტარტო კაპიტალი გაორმაგდა. 6 საათის შემდეგ კი – 10-ჯერ გაიზრდა და მამაკაცი მიხვდა, რომ ასეთი ტემპებით ის დამსაქმებლის გარეშეც შეძლებდა ცხოვრებას.
გავიდა დრო. მამაკაცმა მანქანა იყიდა, გახსნა ჯერ პატარა ფარდული, მერე კი, დიდი მაღაზია, ხუთ წელიწადში კი, სუპერმარკეტების მფლობელი გახდა.
ბიზნესის დასაზღვევად იგი სადაზღვეო კომპანიაში მივიდა. აგენტმა მას e-mail სთხოვა, ახალბედა ბიზნესმენს კი, ისე როგორც რამდენიმე წლის წინ, არც ამჯერად ჰქონდა ელექტრონული ფოსტა და კომპიუტერი.
”-საოცარია!” – განაცხადა დაზღვევის აგენტმა ”- ასეთი დიდი ბიზნესის მფლობელს კომპიუტერიც არ გაქვთ! წარმომიდგენია, რამდენს მიაღწევდით, პირადი კომპიუტერი რომ გქონდეთ?!” რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა: ”- მაშინ, მე Microsoft-ის მეეზოვე ვიქნებოდი”.
მორალი: თუ რაიმე არ გაქვთ, შეიძლება არც გჭირდებათ.
