Motion X არის სისტემა, რომელიც გულისხმობს ვიდეოგადაღების ავტომატიზაციას საკლასო ოთახებში. ინოვაციური პროექტის დეტალებზე იდეის ავტორმა, ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 18 წლის სტუდენტი, Motion X-ის იდეით, ინოვაციების საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა.
”Motion X-ის საშუალებით, უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე ყველა გაკვეთილი, ონლაინ რეჟიმში გადავა და ამისათვის ყველაზე ნაკლები რესურსი დაიხარჯება, ვინაიდან სისტემა აწყობილი იქნება ისე, რომ ავტომატურად მოხდეს ვიდეოგადაღება, ”ვიდეოდაედითება” და ატვირთვა, რაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერების, ავტომატური კამერებისა და სენსორების საშუალებით” – განმარტა ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ.
პროექტის ავტორი იდეაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. Motion X-ის ერთერთ მთავარ უპირატესობად ნიკოლოზ გაჩეჩილაძე იმას მიიჩნევს, რომ სისტემა საშუალებას იძლევა, რეგინებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, ხარისხიანი განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და სასწავლო დაწესებულებებმა, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით შეძლონ, ონლაინ-კურსების განხორციელება.
”რაც ეხება იმას, თუ საიდან დაიბადა პროექტის შექმნის იდეა, მე თვითონ ონლაინკურსების ხშირი მომხმარებელი ვარ, გარდა ამისა, არ არსებობს ქართული ონლაინკურსები და, ზოგადად, თვალისათვის არამიმზიდველია, როდესაც ლექციის გადაღება მხოლოდ ერთი კუთხიდან მიმდინარეობს. ამას გარდა, გადაღებ ჯგუფს სჭირდება ბევრი ფული და სასწავლებლებისათვის ამ ვიდეოების ”დაედითებაც” ძვირია. Motion X-ის სისტემა ამ ხარჯსაც შეამცირებს” – აღნიშნა პროექტის ავტორმა.
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ამერიკაში, მეწარმეობის განვითარების სამიტზე, ივნისში გაემგზავრება, სადაც პროფესიონალებთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. ტექნიკური მენტორები მას იდეის დახვეწაში დაეხმარებიან, ასევე საშუალება მიეცემა, მოიპოვოს დაფინანსება, რათა იდე უფრო განავითაროს.
