გადაცემას ”კანონის ფარგლებში” პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სილაგაძე და გადაცემა “ეკიპაჟის” რეჟისორი ირაკლი ქრისტინაშვილი ესტუმრნენ. გადაცემის თემა კი ახალი გადაცემა ”ეკიპაჟი” გახლდათ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის.
– 7 მაისს ეთერში გავიდა რეალითი შოუ ”ეკიპაჟი”. მოგვიყევით, ვისი იდეა იყო შოუს დაწყება?
ირაკლი ქრისტინაშვილი: – პროექტის ავტორი არის სერგი გვარჯალაძე. ეს არის რეალითი პროექტი, საპატრულო, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამსახურების შესახებ. აქ არცერთი კადრი არ არის დაგეგმილი, ყველაფერი არის რეალური. საქართველოში ეს არის პირველი რეალური შოუ, რომელიც აღნიშნული სამსახურების მუშაობას ასახავს. საკმაოდ რთული საქმეა, გადაცემაში მაყურებელი ნახავს რა ხდება ყვითელი ზოლის მიღმა, პატრულის თანამშრომლების სოცოცხლე დევს სასწორზე, თუმცა ბოროტების წინააღმდეგ ყოველთვის მათი პროფესიონალიზმი იმარჯვებს.
ირაკლი სილაგაძე: – ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან უკან ოპერატორები გვყავს, რომლებიც ასევე უნდა დავიცვათ. ისინი მთელი დღე სმენაში ჩვენთან ერთად არიან.
– როდის გადის გადაცემა ეთერში?
ირაკლი ქრისტინაშვილი: – გადაცემა ეთერში გადის ყოველ შაბათ-კვირას, 22:20 საათზე. მოქალაქეების სახეები დაფარულია. შესაძლოა ერთ გადაცემაში მხოლოდ ერთი დღე მოხვდეს, იმდენად საინტერესოა, ხანდახან არის გადაცემა რომელიც სამი დღის მუშაობას ასახავს. პატრულის შემთხვევაში სამი ეკიპაჟი გვყავს, სასწრაფოს და სამაშველო-სახანძროს შემთხვევაში სხვადასხვა ეკიპაჟებთან ერთად გვიწევს გასვლა. ირაკლი სილაგაძე არის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი. როდესაც უყურებ გადაცემას, გგონია რომ იქ ხარ. ვნატრობ დღე-ღამეში იყოს 48 საათი, რომ ყველაფერი მოვასწრო.
ირაკლი სილაგაძე: – თავიდან იყო გაუცხოება კამერებთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატრულ-ინსპექტორს სამხრე კამერა სულ ჩართული აქვს და დასამალი არაფერი არ არის. ახლა კი მაყურებელი თავად ნახავს რაც ხდება. გვინდა, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთის შეცდომებზე ისწავლონ და რჩევები გაითვალისწინონ.
– რატომ შეარჩიეთ ირაკლი სილაგაძე, მოგეწონათ რომ დაინახეთ?
ირაკლი ქრისტინაშვილი: – ირაკლი რომ შემოვიდა და დავინახე, გადავირიე, ისე მომეწონა პირველივე დანახვისას… მგონი ლამაზი პატრულები გვყავს, რომ დავახლოვდი მათთან, ან ყველა მელამაზება, ან მართლა ლამაზები არიან.
ირაკლი სილაგაძე: – კადრებში ჩანს სახელგანთქმული, პოლიციისთვის შექმნილი ”ფორდ ინტერსეპტორი”. ის გათვლილია ეკიპაჟის უსაფრთხოებისთვის, დაცულები ვართ მაქსიმალურად, ასევე ნებისმიერი გამოძახებისთვის არის ადაპტირებული, როდესაც მაგალითად იარაღი ფიგურირებს.
ირაკლი ქრისტინაშვილი: – უკანა სავარძელია ძალიან არაკომფორტული, ოპერატორებს ფორმები აქვთ შეცვლილი… მათ შორის მეც მიწევს ხოლმე გადაღებებზე სიარული. შაბათი დღეა ყველაზე ”დანაშაულებრივი” და ამ დღეს მეც ყოველთვის გადაღებაზე ვარ.
ირაკლი სილაგაძე: – შაბათ დღეს ყველაზე ხშირია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ჩხუბები რესტორნებში და სუიციდი. ძირითადად ერთი და იგივე ადამიანებს აქვთ სუიციდის მცდელობა და ყველას ვიცნობთ უკვე.
– რატომ აირჩიეთ ასეთი სახიფათო პროფესია?
ირაკლი სილაგაძე: – ოჯახის წევრებიც პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ასეთ გარემოში ვიზრდებოდი, ამიტომ უცხო არ იყო ჩემთვის. უკვე 7 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, ახლა 26 წლის ვარ. ძალიან რთულია მძღოლებთან, განსაკუთრებით ნასვამ მძღოლებთან ურთიერთობა. უჭირთ ნასვამ ადამიანებს კანონის დამორჩილება. ყველა პატრულ-ინსპექტორი ცდილობს, რომ არ გამოიყენოს უკიდურესი ზომა – დაკავება. არ უნდა გამოხატოს მძღოლმა აგრესია, მაშინ როდესაც ის არღვევს. ნასვამი მძღოლი საჭესთან ძალიან საშიშია, როგორც გარშემომყოფებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. განსაკუთრებით ასეთი ფაქტები ხშირია დასვენების დღეებში. პატრულის თანამშრომლები ამ დღეს განსაკუთრებით მკაცრები ვართ, რადგან მძღოლებს რატომღაც ჰგონიათ, რომ დღესასწაულია და პატრული მათ არ გააჩერებს.
– რას ელოდით, ან რას არ ელოდით მანამ, სანამ გადაღებები დაიწყებოდა?
ირაკლი ქრისტინაშვილი: – გადაღებები დავიწყეთ თებერვალში. მეგონა, რომ ბიჭები თავს მშვენივრად გრძნობდნენ, დასეირნობდნენ ახალი ავტომობილებით. თუმცა, სამზარეულოში რომ ჩავიხედე, რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ურთულესი რეჟიმი აქვთ. მათი სამუშაო დრო 12 საათით განისაზღვრება, კამერები მათ 24 საათის განმავლობაში დაყვებიან. არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენც უფორმო პატრულებივით ვართ.
ირაკლი სილაგაძე: – ოპერატორები მაქსიმალურად ცდილობენ არაფერი გამოტოვონ, რისკზე მოდიან და მაყურებლისთვის თავს არ ზოგავენ.
ირაკლი ქრისტინაშვილი: – ძალიან ცელქი. ვცდილობ დავიცვა მოძრაობის წესები. ვმართავ ”ნისან სქაილაინს”. მიყვარს სისწრაფე, თუმცა არა სწორ გზაზე, რთულ გზაზე. ძალიან ბევრ ავარიაში ვარ მოყოლილი და გადავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ მეკეთა უსაფრთხოების ღვედი. ყველაზე მეტად არ მომწონს როდესაც ბალიში მხვდება ცხვირში, ძალიან მტკივნეულია. გარეგნობა ყოველ წელს მეცვლება.
ირაკლი სილაგაძე: – არ ვარღვევ. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ პატრულის ყველა თანამშრომელი იკეთებს უსაფრთხოების ღვედს, ეს არის მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და არა იმისთვის, რომ ჯარიმის გვეშინია.
ირაკლი ქრისტინაშვილი: – არაფერს ვმალავთ საზოგადოებისთვის. ეთერში არ ხვდება მხოლოდ ის, რასაც მივიჩნევთ, რომ უინტერესოა.
ირაკლი სილაგაძე: – ყველა იმას გვეკითხება ძრავი რამდენი აქვს ავტომობილს, ახლა ვიტყვი ყველას გასაგონად, ძრავი აქვს 3.7 მოცულობის. ტურბო არ აქვს.
გადაცემის ჩანაწერი

