ყველაზე მდიდრული სპორტული სედანი ”პორშესთვის” დამახასიათებელი დინამიკით, მანევრულობით და კომფორტით. როგორც ამბობენ, მისი მართვა ავტმოყვარულების ცხოვრებისეული ვალდებულებაა. ეს ”პანამერაა” – ”პორშეს” ლუქს კლასის ლიმუზინი.
”პანამერას” წარმოება ”პორშეს” ქარხანამ 7 წლის წინ დაიწყო. ეს არის ბიზნეს სეგმენტისთვის განკუთვნილი მოდელი, რომელიც სპორტული მონაცემებით არის აღჭურვილი. თბილისში, ”პორშეს” ცენტრში წარმოდგენილი ”პანამერა” ლიმიტირებული გამოცემაა, ექსკლუზიური, ღვინისფერი ტყავის სალონით. ეს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით მცირე რაოდენობით გამოდის და ერთ-ერთი მათგანი თბილისშიც არის წარმოდგენილი.
”პანამერას” ეს მოდელი ექსკლუზიური ოფციებით გამოირჩევა. სტანდარტულ მოდელზე ბევრად მეტი მონაცემით არის აღჭურვილი და, ამ ყველაფერთან ერთად, ფასიც ექსკლუზიური აქვს.
მისი მართვისას თქვენს განკარგულებაშია 3,6 ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრე 310 ცხენის ძალაა. ეს მოდელი ყველა იმ ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელიც თანამედროვე ავტომობილისთვის უკვე განუყოფელია. ამას ემატება წინა და უკანა პარკირების სენსორი, უკანა ხედვის კამერით, ექსკლუზიური 20 ქიმიანი სპორტული დიზაინის დისკები, ლუქი, სავარძლების გათბობა და ონლაინ სერვისები. ასევე კარებზე ელექტრო მიმყვანები, რომლებიც ავტომატურად დაკეტავს კარს, თუკი მის დახურვას ბოლომდე ვერ მოახერხებთ.
”პანამერას” შესაძლებლობების უფრო ახლოს გასაცნობად ”ავტორადიოს” რუბრიკა ”ავტოდილერი” ”პორშეს” ცენტრში მოდელ მანიკა ასათიანთან ერთად მივიდა.
– როგორია პირველი შთაბეჭდილება ”პორშე პანამერას” ნახვისას?
– ზოგადად, ”პორშეს” ბრენდი ძალიან მომწონს, როგორც სედანები, ასევე ჯიპები. რაც შეეხება, კონკრეტულად, ”პანამერას”, უახლესი მოდელია, 2016 წლის და, რა თქმა უნდა, ჩემს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტი. ”პანამერა” ძალიან ლამაზი მოდელია და ვერცხლისფერი ძალიან უხდება. ასევე ძალიან კომფორტულია მისი სალონიც, რომელშიც მძღოლისთვის ძალიან დიდი სივრცეა, რაც ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყოველთვის მიჭირს ისეთი მოდელის პოვნა, რომელშიც თავისუფლად მოვთავსდები, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერი პროპორციების ადამიანი უპრობლემოდ და კომფორტულად მოთავსდება ავტომობილში. იდეალური ვარიანტია – ”პორშემ” ”პანამერაში” ყველა ის თვისება გააერთიანა, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს აღაფრთოვანებს. ეს მოდელი სრულ კომფორტს უქმნის მძღოლს და მგზავრებს.
– რაც შეეხება “პანამერას” ტექნიკურ მახასიათებლებს, პირველ რიგში, მის რომელ ფუნქციებს გამოარჩევდით?
– ავტომობილის შერჩევისას, ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ საქართველოში ძალიან ხშირად გვაქვს გზის საფარის პრობლემა. ამის გამო, რატომღაც, ყოველთვის ჯიპს ვანიჭებდი უპირატესობას. თუმცა, ”პანამერაში” აღმოვაჩინე, რომ ავტომობილი, რომლის ექსტერიერიც და ინტერიერიც, ერთი შეხედვით, სპორტულია, ერთგვარად ჯიპის ფუნქციებსაც ითავსებს. როგორც მისი გატესტვისას გავიგე, ეს მოდელი 4×4 ამძრაობისაა და საჭიროების შემთხვევაში, მისი სიმაღლის რეგულირებაც შეგვიძლია. ანუ თუ რთულ რელიეფზე გვიწევს მგზავრობა და ასეთი გზისთვის ჩვენი მანქანა გვეცოდება, შეგვიძლია სიმაღლე ვარეგულიროთ, ავტომობილი დაზიანებისგან დავიცვათ და ჩვენს კომფორტულად ვიმგზავროთ.
– ავტომობილის შერჩევისას, პირველ რიგში, რას ითვალისწინებთ? რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას?
– მანქანის შერჩევისას, პირველ რიგში, ვიზუალს ვაქცევ ყურადღებას. ასევე ვითვალისწინებ, თუ რამდენად კომფორტულია მისი სალონი. ”პანამერა”, ამ მხრივ, იდეალურია. მით უმეტეს, რომ ამ ავტომობილს ყველა თვისება გათავისებული აქვს და თუ მოისურვებ სპორტული მანქანაა, თუ მოისურვებ, ბიზნეს კლასის, სერიოზული ავტომობილი, ნებისმიერ შეხვედრაზე წასასვლელად.
– სპორტული ავტომობილის შეძენაზე თუ გიფიქრიათ?
– სპორტული ავტომობილი, ჯერჯერობით, არ მყოლია. ოჯახიდან გამომდინარე, ჯიპს ვანიჭებ უპირატესობას. მყავს ბავშვი და, ამის გამო, ჩემთვის ჯიპი უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. თუმცა, ”პორშეს” ამ კონკრეტულ მოდელს ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, რადგან ძალიან კომფორტულია.
– რამდენად გამოცდილი მძღოლი ხართ?
– მართვის ძალიან დიდი გამოცდილება არ მაქვს. 4 წელია ვმართავ ავტომობილს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სრულიად საკმარისი დროა, რათა ავტომობილის მართვა ბოლომდე გაითავისო. ვფიქრობ, ძალიან კარგი მძღოლი ვარ. ბევრი კომპეტენტური ადამიანისგან მიმიღია კომპლიმენტი, ამ მიმართულებით, მაგალითად, მევლუდ მელაძისგან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს სისწრაფე და ხშირად ვმოძრაობ სწრაფად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ისეთი მოძრაობაა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია ძალიან სწრაფად იარო, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, სწრაფად სიარულზე უარს არ ვამბობ.
ასეთია უახლესი, 2016 წლის ”პორშე პანამერა”, რომელიც, როგორც ამბობენ, რჩეულთა ავტომობილია. ”პორშეს” ცენტრში წარმოდგენილი ”პანამერას” ამ ექსკლუზიური მოდელის ფასი კი 94 580 ევროა.
https://www.youtube.com/watch?v=dryQZ8YbaNI&feature=youtu.be
