
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ლატვიაში ”ქართული ხმების” კვარტეტი მიიწვია. საზეიმო მიღება-კონცერტი საკონცერტო დარბაზ ”Ziemelblazma”-ში გაიმართა. დღეს კვარტეტი ტალინში მცხოვრები ქართველებისთვის იმღერებს. 26 მაისს, გამთენისას კი საქართველოში დაბრუნდებიან და ანსამბლი ”ქართული ხმები” სრული შემადგენლობით პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ გალა კონცერტზე გამოვა. ”ქართული ხმები” დავით არჩვაძის სიმღერას ეკა მამალაძესთან და ნუკრი კაპანაძესთან ერთად შეასრულებს. სიმღერა ”ეს ქალაქია” ამ დრომდე მხოლოდ ნანი ბრეგვაძის შესრულებით არის ცნობილი.
მთავარ კონცერტამდე რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები წარმოადგენენ თემატურ გამოფენებს და სხვადასხვა სახის სანახაობებს. მოეწყობა სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი და ინფორმაციული კუთხეები.
26 მაისის ღონისძიებებს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

