საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ცნობილი შენობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელგიაში დედაქალაქის სიმბოლო – მანეკენ პისი, ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსა. მოლდოვაში ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება შეიმოსა. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში საქართველოს დროშა უკვე აღიმართა.
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის ერჟებიტის ხიდი, სლოვაკეთში ქალაქ კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა და ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში ელ-რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო, სტამბოლში – ბოსფორის ხიდი, კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები და ლიტვაში – კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი.
საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს გაუშვებენ საბერძნეთში. კანადაში აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. ასევე, საქართველოს დროშა გამოიფინება ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.
