LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური დოკუმენტი ეროვნული კინოცენტრიდან – რა სიტყვებით აფასებენ სცენარებს

პროდიუსერი ნოდარ ნოზაძე ეროვნული კინოცენტრიდან გამოთხოვნილ სკანდალურ დოკუმენტს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს. დოკუმენტში ასახულია, როგორ აფასებს სცენარს სახელწოდებით „არმატურა“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი – „სცენარის კითხვისას ხან ვარწ-ევდი, ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია“.

უცნობია, ვის ეკუთვნის უცენზუროდ დაწერილი ეს შეფასება. როგორც ნოდარ ნოზაძე წერს: „პოსტების დადებით დიდად არ გამოვირჩეოდი არასოდეს, დღეს ცხოვრებაში პირველად გამოვითხოვეთ კინოცენტრიდან შეფასებები, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ასე აფასებს მონაწილეებს კინოცენტრის ჟიური (ერთ-ერთი ჟიურის წევრი უფრო კონკრეტულად)“.

მისი ეს პოსტი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა, მათ შორისაა რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომელიც ითხოვს, გაირკვეს ამ შეფასების ავტორის ვინაობა.

რადიო „ფორტუნა“ პოსტის ავტორს, ნოდარ ნოზაძეს დაუკავშირდა.

ნოდარ ნოზაძე:

13608079_10208589943879146_2012232656_nმე გახლავართ პროდიუსერი. „არმატურის“ სცენარი ეკუთვნის რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძეს. ამ სცენარმა რამდენიმე თვის წინ, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სულ ერთი ქულა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. სამი სცენარი დაფინანსდა და მეოთხე იყო ჩვენი. დავხვეწეთ სცენარი და ახლახან ისევ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენდა გასაკვირად, ამჯერად მეორე ტურამდეც ვერ მივედით. პირველად გამოვითხოვეთ შეფასებები. სხვა შეფასებებს პრინციპულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ის, რომელიც გავასაჯაროვეთ, ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ვგულისხმობთ ლექსიკას, რომელიც გამოყენებულია ოფიციალურ დოკუმენტში.

როგორც ჩანს, ამ ადამიანმა, რომლის ვინაობაც არ ვიცით, ჟიურის წევრმა, გადაწყვიტა, ისეთი სიტყვებით შეეფასებინა სცენარი, რომელიც აშკარად აყენებს შეურაცხყოფას მის ავტორს და მთელ ჯგუფს. ვფიქრობთ, რომ ის უნდა გამოვიდეს და თქვას, ვინ არის, რადგან ასე ჟიურის მთელ შემადგენლობას აყენებს ჩრდილს.

საინტერესოა, თავად კინოცენტრს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტში ასეთი სიტყვები ეწერა?

ვერ გეტყვით, ჰქონდათ თუ არა წაკითხული. ფაქტია, რომ ჩვენ გადმოგვცეს. დამალვის უფლება ისედაც არ ჰქონდათ.

როგორი იქნება თქვენი რეაგირება?

ველოდებით კინოცენტრის ოფიციალურ კომენტარს. უნდა გაირკვეს, ვის ეკუთვნის ეს შეფასებები, ერტადერთი მიზეზის გამო, რომ მას აღარ ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ჟიურის მუშაობაში და გადაწყვიტოს ადამიანების ბედი. ის აშკარად მტრულად არის განწყობილი და აშკარად არ აფასებს სცენარს. ამიტომაცაა ეს ტრაგედია, ასეთი სიტყვების ავტორი რომ რაიმეს წყვეტს. სცენარი ერთი წლით გაჩერდება მის გამო…

დავუკავშირდით ასევე ეროვნული კინოცენტრის პრესცენტრს. მათი თქმით, მალე ოფიციალურ ვებგვერდზე საკუთარ პოზიციას დაწვრილებით განმარტავენ.

ნინო მურღულია

13618177_10208589894357908_1681113740_n

13616191_10208589894717917_211980182_o