LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი: „ახალ წელს ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა…“

Ardaidardo.Ge

გიო ხუციშვილი ახალ წელს მუდამ კონცერტებზე ხვდება. 2017 წელს სიახლით ხვდება, ახალი ბენდი ჰყავს და დიდი რეპერტუარი, რომელსაც 13 იანვარს „ივენთ ჰოლში“ მისულ მსმენელს წარუდგენს.


„არ დაიდარდო“ მომღერალს საახალწლო ტრადიციებსა და გეგმებზე ესაუბრა.


გიო, სად გამოდიხართ 31 დეკემბერს?

მე გავაკეთე ახალი ბენდი, რომელსაც ჰქვია „გიო +“, ჩემთან ერთად არის ძალიან კარგი მუსიკოსი, ზურა მახნიშვილი, რომელსაც ქართველი ქუინსი ჯონსად მივიჩნევ (იღიმის) და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. ძალიან კარგი მუსიკოსები შევკრიბე. ქართული სიმღერები ისე გავაკეთეთ, რომ ახალგაზრდებისთვისაც მოსაწონი იყოს, სხვანაირი ტემპი მივეცით.

31 დეკემბერს ჩვენი მოსმენა შეიძლება ფუნიკულიორის რესტორანში, იქ ვიქნებით 12 საათიდან. ამავე შემადგენლობით გვაქვს კონცერტები პირველ და ორ იანვარს, ძველით ახალ წელს, 13 იანვარს კი, „ივენთ ჰოლში“, გვაქვს ბენდის პრეზენტაცია, წარვადგენთ 20 სიმღერას. ჯერ ალბომს ვერ მოავსწრებთ, მაგრამ ლაივში შევასრულებთ ყველა სიმღერას.


Ardaidardo.Geრამდენი წელია, რაც ახალ წელს შინ არ შეხვედრიხართ?

არც კი ვიცი ზუსტად, ძალიან დიდი ხანია… წელსაც 12-ის ნახევრიდან უკვე ფუნიკულიორზე უნდა ვიყო. შარშან საახალწლო კონცერტზე გამოვდიოდით… ძველ ბენდთან ერთადაც ძალიან კარგი პროგრამა მქონდა, მაგრამ რაღაც იწყება და მთავრდება. ორი წლის თავზე სიახლის დროა. ბევრჯერ დამიწყია ნოლიდან და სიახლეებს არ ვუშინდები. რაც შეეხება ჩემი და ნატო გელაშვილის დუეტს, ეს კიდევ სხვა თემაა. ჩვენი დუეტი „აყვავდება როცა ნუში“ ხალხმა იმდენად შეიყვარა, რომ ძალიან გვინდოდა, კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი გვქონოდა.

რაც უნდა ახალი გავაკეთო და „გავთინეიჯერდე“, ჩემი და ნატოს დუეტს მაინც სხვა სითბო მოაქვს. ვფიქრობ, „ნუშისავით“ შეიყვარებს მსმენელი. ახალი ბენდითაც ძალიან აჟიტირებული ვარ, სულ ვეძებ რაღაცებს, რომ მსმენელს ქართული ისე მივაწოდო, მსოფლიო სიახლეებს არ ჩამოვრჩე. ბენდში ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგო გვყავს, ბაბი კირკიტაძე… ავირჩიეთ ის სტილი, ქუჩაში, კლუბებში ახალგაზრდებმა ქართულსაც რომ მოუსმინონ, გემოვნებიანად გაკეთებულს.


ახალი წლის ტრადიცია როგორი გაქვთ?

…რომ ყველას უნდა ვაჩუქო საჩუქარი. 31 დეკემბერს ყველას უნდა მივუძღვნა საჩუქარი, ბევრი შვილი მყავს, ცოლებსა და გოგონებს არ ვიტყვი მთელი ცხოვრება (იცინის), ამიტომ ამდენი წელია, სულ საჩუქრების მალვაში ვარ, რომ მერე დროულად ვაჩუქო. სულ ამის არჩევაში ვარ და მერე დარიგებაში, თოვლის ბაბუა ვარ. ზუკაც უკვე ყიდულობს და გვჩუქნის. მამაჩემს ჰქონდა ეს ტრადიცია, რომელსაც მე ვაგრძელებ და ახლა ზუკაც შემომიერთდა. სულ მინდა, ყველა ჩემს ახლობელს რაღაც ვუსახსოვრო.


ყველაზე ბედნიერი როდის იყავით 31 დეკემბერს?

როცა ნოდარიკო გამიჩნდა, ჩემი უფროსი ბიჭი 30 დეკემბერს დაიბადა და ბედნიერი ვიყავი, რომ საახალწლოდ ღმერთმა შვილი მაჩუქა…

ნინო მურღულია