
ნატო გელაშვილი უკვე 25 წელია, ახალ წელს სახლში არ შეხვედრია, თუმცა ამ დღესასწაულის წინ არის ორი რამ, რასაც აუცილებლად აკეთებს, ერთ-ერთი, გოზინაყია, ბებიის რეცეპტით, რომლის მომზადების წესიც „არ დაიდარდოს“ გაუმხილა.
ნატო, 31 დეკემბერს სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
ბათუმში ვიქნები, კორპორატიულ საღამოზე. სახელმწიფო კონცერტებიდან არ მქონია შემოთავაზება და მართალი გითხრათ, სულ მაქვს კერძო შეთავაზებები და ასე მირჩევნია, პირველ რიგში, ფინანსური თვალსაზრისით…
თბილისს გარეთ ხშირად ხვდებით ამ დღესასწაულს?
შევხვედრივარ ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში… უკვე 25 წელია, ახალ წელს შინ არ შევხვედრივარ. ძალიან მენატრება და აუცილებლად გავითენებ ასეთ ახალ წელს. ყოველ წელს ვამბობ, რომ შემდეგ 31 დეკემბერს არსად წავალ-მეთქი, მაგრამ არ გამოდის. მოდის, ასე ჩავუთქვამ, როცა შვილიშვილი მეყოლება, შევხვდები სახლში.
საახალწლო ტრადიციებიდან რას გაიხსენებთ?
ბებიის რეცეპტით მომზადებულ გოზინაყს აუცილებლად ვტოვებ სახლში. სულ ვსინჯავ, როცა სტუმრად მივდივარ, მაგრამ ჩემსას ვერც ერთი ვერ ჯობნის. ვმახრულობთ და ამიტომ 7 იანვარს არის ჩვენი ახალი წელი. ახალგაზრდები იცით, რასაც მიირთმევენ და გოჭებისა და საცივების ტრიალს აზრი არ აქვს. ვხვდები ტკბილეულით და იმით, რაც ბიჭებს უყვართ, ხაჭაპურით და ა.შ. საახალწლო სუფრას 7 იანვარს ვაკეთებ. სტუმარიც რომ მოვიდეს, 31-ში სახლში მაინც არ ვარ და რისთვის მოვამზადო?
ბებიის გოზინაყის რეცეპტი აუცილებლად უნდა გაგვიმხილოთ…
სიამოვნებით… ნახევარლიტრიან ქილაში ღია ფერის თაფლს უნდა აკლდეს ცოტა, ვადუღებ ქვაბში, თანაც, სამჯერ ვაგრილებ წამოდუღების შემდეგ. მესამე წამოდუღებაზე ნიგოზს ვყრი, რომელსაც არ ვხალავ, მხოლოდ ვარჩევ. სანამ ნიგოზს ჩავყრი, მანამდე ნახევარ ჭიქა შაქარს ვყრი, კარგად ვურევ, გალღობამდე რომ მიდის, მერეა უკვე ნიგვზის ჯერი. ამის შემდეგ თავზე ვადგავარ და სულ ვურევ. ქვაბშივე რომ ფერს იცვლის, გემო რომ აქვს შესაბამისი და ოქროსფერს იღებს, ცხელსვე ვიღებ, სველი ხელით ვაბრტყელებ და ვჭრი აუცილებლად ცხელს, გაცივების შემდეგ ვეღარ აიღებ. ბებიას გადმოცემული რეცეპტია და ვაგრძელებ ტრადიციას. მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია. ვისაც ჩემი გოზინაყი გაუსინჯავს, მეუბნებიან, საღოლ შენო… გოზინაყი ცოტა პრეტენზიული გასაკეთებელია, ყველას არ გამოსდის. ბევრს ვასწავლე, ზოგს მიეწვა, ზოგს დაეხრაკა და ა.შ.
საჩუქრების ჩუქების ტრადიცია გაქვთ?
რა თქმა უნდა. ორი თვით ადრე ვიწყებ მზადებას. თუკი ადრე ვიყიდე, ვერ ვითმენ და ვჩუქნი. ეს ტრადიცია ძალიან მიყვარს. სანამ ბიჭები პატარები იყვნენ, მათთან სულ მოდიოდა თოვლის ბაბუა. კი ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ ისე ვაწყობდი ყველაფერს, რომ ვერ მიმტკიცებდნენ, მე რომ ვიყავი. საჩუქრებს ყოველთვის ვარჩევ გულით, გემოვნებით და ზუსტად ვიცი, რა სურთ ჩემი ოჯახის წევრებს. ამიტომ სულ ელოდებიან, დე, შენ რაღაცას აუცილებლად იზამო…
არა მხოლოდ ახალ წელს, ზოგადად მიყვარს საჩუქრების კეთება. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სულ მაგას ვნატრობ, ღმერთმა მომცეს ძალა, რომ ბევრი საჩუქარი გავუკეთო ჩემს საყვარელ
ადამიანებს.
2017 წელს თაყვანისმცემლებს რას ჩუქნით?
ამ წლის მიწურულს ვაჩუქე უკვე ახალი სიმღერა, „მიყვარხარ“, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ, ჩემი და გიო ხუციშვილის ახალი დუეტია. მწერდნენ, როდის გამოვჩნდებოდი. მე ეს შევძელი!.. თითოეულ ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ისინი მელიან ამდენი ხანია, მიუხედავად ჩემი დაკარგვისა. მინდა, ახალი წლის დილა სიყვარულით გაუთენდეთ, როგორც ჩემს ახალ სიმღერაშია. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მონატრებას ჩემი მსმენელისგან. ხშირად ყოფილა, არც თავი მქონია და არც ფიზიკურად შემძლებია, მაინც გამიკეთებია რაღაც ახალი. ყოველთვის უნდა გააკეთო, თუკი იცი, რომ ვიღაცისთვის პატარა მადლი მაინც მოაქვს…
ნინო მურღულია
