გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ სოხაძე ესტუმრა.
მოგვიყევით იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა?
ერთ–ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას, რომლის მიზნითაც დაიწყო სპეციალური პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიზანია დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უზრუნველყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესება, როგორიც არის: არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა.
სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება;
სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. ”უკონტაქტო პატრულირება”;
გზებზე და ქალაქებში არსებული ”შავი წერტილების” განეიტრალება;
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება;
მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.
ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან კამპანიასაც მოიცავს, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 2015 წლის დეკემბრის თვიდან ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის” ფარგლებში ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია დაიწყო, სლოგანით ”შენი გულისთვის–შენინ უსაფრთხოებისთვის” განხორციელდა კამპანიის ბრენდინგი – შეიქმნა კამპანიის სლოგანი ”შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის!” და კამპანიის ლოგო, რომელიც არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული – სიცოცხლე, რომელსაც იცავს საგზაო ნიშნები და წესები.
რომელ რეფორმას ან პროექტს მიიჩნევთ წლის მთავარ მიღწევად?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ინოვაციური პროექტი, რომლის მსგავსი რეგიონში არაა, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური ”ერთობლივი ოპერაციების ცენტრი”, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყანაში პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. ცენტრის არსებობის მიზანია ქვეყანაში უსაფრთხოების გაზრდა, პრევენციის გაძლიერება და რაც მთავარია, ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. პარალელურ რეჟიმში შსს ახორციელებს პროექტს ”უსაფრთხოქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა”. აღნიშნული პროექტის მიზანია საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის ”ჭკვიანი” ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა, ერთიანი, ცენტრალიზებული ქსელისა და ელექტრონული რუკის შექმნა, ვიდეოანალიტიკური პროგრამების დანერგვა და ზოგადად პოლიციის ტექნოლოგიურ განვითარებაზე ზრუნვა.
პროექტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით არსებული და დამატებით დაინსტალირებული ვიდეოკამერების მეშვეობით მოხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა სატრანსპორტო საშუალებების საშუალო სიჩქარის გამოთვლის მეშვეობით. საქართველოს მასშტაბით ქუჩებში და ავტომაგისტრალებზე მოხდება საავტომობილო გზების გარკვეული სიგრძის მონაკვეთებად დაყოფა და კონკრეტული სექციებისთვის საშუალო სიჩქარის მაქსიმუმის განსაზღვრა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ავტომატური ამომცნობი პროგრამით, დაფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ავტომატურად გაეგზავნება ვიდეო ჯარიმა.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გარდა კიდევ რას შეძლება ჩაითვალოს გასული წლის შსს მთავარ მიღწევად?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც უკვე აღინიშნა, მუდმივად ცდილობს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის პარალელურად ინოვაციური პროექტები დანერგოს. მათგან ერთ–ერთი აანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამა. საპილოტე პროგრამის მიზანია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად და ეფექტიანად დანერგვა, ქვეყანაში მომხდარი სამართალდარღვევების ტენდენციების, მეთოდების, მათში მონაწილე პირების შესწავლა და ფუნდამენტური ანალიზი. უახლოეს მომავალში, იგეგმება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო გეგმის და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;
შსს მუშაობს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, საქართველოს პოლიციის რეფორმის განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს საქართველოში ერთიანი გენეტიკური (დნმ) მონაცემთა ბაზისა და ლაბორატორიის შექმნა. ეს არის პროექტი, რომელმაც შემდგომი გამოძიების მიზნით უნდა უზრუნველყოს სისხლის სამართლის დამნაშავეების გენეტიკური პროფილების შეგროვება და შენახვა პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით.
გარდა საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა, თუ ახორციელებს შსს ცნობიერების ამაღლების კუთხით პროექტებს?
დიახ, რა თქმა უნდა. 2016 წლის ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში დაიწყო პროექტის ”უსაფრთხოების ათი გაკვეთილი”ს განხორციელება. პროექტი 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მეხუთე კლასელთათვის უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ გაკვეთილებს შს სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ატარებენ. სკოლის მოსწავლეებს ასევე დაურიგდათ სპეციალური სახელმძღვანელოები. აღსანიშნავია, მართვის მოწმობა შშმ პირებისთვის. შსს ინიციატივით შშმ პირებს მიეცათ საშუალება მართვის მოწმობა აიღონ. ეს პროცესი სპეციალიზებული ავტომობილით მოხდება. ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმპირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ პრიორიტეტს, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში შშმ მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, რის შედეგადაც ისინი სასურველ მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებენ.
საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით რა პროექტები განხორციელდა 2016 წელს?
2016 წელს სამთო–სათხილამურო კურორტებზე დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული ახორციელებს. საპილოტე პროექტის მიზანია სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევის პრევენცია და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ–ინსპექტორებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, აღიჭურვნენ ყველა საჭირო ეკიპირებითა და ტექნიკით; აღნიშნული პროექტი მომავალი წლიდან სხვა მთიან რეგიონებსაც დაფარავს;
ასევე საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის ოქტომბერში ქ. რუსთავში გაიხსნა სსიპ ”112”–ის ახალი ცენტრი; ”ახალითაობის 112” გადაუდებელი დახმარების მსოფლიოს საუკეთესო ცენტრების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. რუსთავის „112“ თბილისის ცენტრის პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ზარებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. ახალი ცენტრის მიზანია ”112”–ის გამართული, უწყვეტი ფუნქციონირება და თბილისის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის განტვირთვა და დაზღვევა.
საერთაშორისო მიმართულებით რა წინსვლა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს?
გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, პოლონეთისა და იტალიის რესპუბლიკებში, ასევე, შვედეთის სამეფოში დანიშნულ იქნენ ატაშეები. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს უკვე ცამეტი ატაშე ჰყავს. ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი შეაფასეს და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება და ევროპის პოლიციის სამსახურთან ითანამშრომლებს. შეთანხმების თანახმად: საქართველოს შსს მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში. მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა. ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში.
გადაცემის ჩანაწერი
