ფილმები ბავშვების მონაწილეობით, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევენ მაყურებელში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან უფროსი და გამოცდილი კოლეგების ფონზე მათი არაპროფესიონალური თამაში ბევრად გულწრფელი და ბუნებრივია. თუმცა, პატარა ვარსკვლავები იზრდებიან, ზოგისთვის კინო ბავშვურ გართობად რჩება, ზოგი კი, პირველ გამოცდილებას წარმატებულ კარიერად აგრძელებს.
ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი ბავშვები
მილიონიანი ჰონორარები კინოვარსკვლავებს არასდროს აკლდათ, თუმცა, უზარმაზარი შემოსავლებით განებივრებული მოზარდები და განსაკუთრებით მათი მშობლები, ხშირად საკუთარი სიხარბით და ერთი ხელის მოსმით კარგავენ ყველაფერს.

ბავშვებს შორის პირველ კინოვარსკვლავად 7 წლის ჯეკი კუგანი – ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული “ბიჭუნა” მიიჩნევა, რომელიც ერთგვარ კინობრენდად და ყველაზე ახალგაზრდა მილიონერად იქცა.
https://www.youtube.com/watch?v=qNseEVlaCl4
მართალია, 1920-იან წლებში კუგანი ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლებოდა, მისმა შემოსავლმა კი 2 მლნ. დოლარს გადააჭარბა, მაგრამ შემდეგ ათწლეულში ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხის დიდი ნაწილი კი, მშობლებმა დახარჯეს, რომლებიც “დიდი დეპრესიის” წლებში ვერაფრით შეელიენ ფუფუნებაში ცხოვრებას.სრულწლოვანმა ჯეკიმ სასამართლოს მიმართა და მშობლებს საკუთარი თანხის დაბრუნება მოთხოვა, თუმცა, ვერაფერს გახდა და სამუშაოს გარეშე დარჩენილი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული კუგანი დიდხანს ცდილობდა პროდიუსერების დაინტერესებას, თუმცა ყველა მისი მცდელობა მარცხით დასრულდა და მხოლოდ ერთხელ, 1964 წელს შეახსენა მაყურებელს თავი ბიძია ფესტის როლით ტელესერიდან “ადამსების ოჯახი”.
ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა შირლი ტემპლი, რომელმაც თავისი საბავშვო როლებით გაითქვა სახელი ფილმებში “გაიღვიძე და იმღერე!” “პატარა მისს მარკერი”, “მბრწყინავი თვალები” და “დიდი დეპრესიის” წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად იქცა. სხვათა შორის, 7 წლის შირლი პირველი ბავშვია, ვინც 1935 წელს, ამერიკის კინოაკადემიის ე.წ. “ახალგაზრდული ოსკარის” მფლობელი გახდა განსაკუთრებული კინოდამსახურებითვის.
თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ ჯეკი კუგანის ბედი გაიზიარა 10 წლის მაკოლეი კალკინმა, რომელსაც კევინ მაკკალისტერის როლმა კომედიაში “მარტო სახლში”, ჯერ “ოქროს გლობუსის” ნომინაცია და “წლის ბავშვის” ტიტული მოუტანა, მერე კი, 4 მლნ-იანი კონტრაქტი ბლოქბასტერის მეორე ნაწილში მონაწილეობისთვის.
მაკოლეის შემოსავლებით ყველაზე მეტად მამამ გაიხარა, რომელსაც კარიერაზე მეტად შვილის ჰონორარი აღელვებდა და ერთის მხრივ უმცროსი კალკინების კინოსამყაროში დაბინავებაზე ზრუნავდა, მეორეს მხრივ კი, მაკოლაის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდა პროდიუსერებისგან. სწორედ მშობლების სიხარბემ, რომლებმაც ვერაფრით გაინაწილეს შვილის 35 მლნ-იანი ქონება, აიძულა მაკოლეი, დროებით უარი ეთქვა კინოკარიერაზე. თუმცა, პაუზა ზედმეტად გაიჭიმა და კალკინმა ვეღარ შეძლო გართობის ინდუსტრიაში დაბრუნება. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა მისი მუსიკალური კარიერაც, ჯგუფი The Pizza Undergraund, რომელიც 2013 წელს ჩამოაყალიბა, პირველივე ტურნეში ჩავარდა, გასულ წელს კი, საერთოდ დაიშალა.
მარიამ ცომაია



