ფილმები ბავშვების მონაწილეობით, ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევენ მაყურებელში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან უფროსი და გამოცდილი კოლეგების ფონზე მათი არაპროფესიონალური თამაში ბევრად გულწრფელი და ბუნებრივია. თუმცა, პატარა ვარსკვლავები იზრდებიან, ზოგისთვის კინო ბავშვურ გართობად რჩება, ზოგი კი, პირველ გამოცდილებას წარმატებულ კარიერად აგრძელებს.
ევროპელი კინოვარსკვლავები
ამერიკელებისგან განსხვავებით, ევროპელებისთვის კინემატოგრაფია უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ბიზნესი და კინემატოგრაფისტებიც მხოლოდ პროფესიოანლური განათლების შემდეგ იწყებენ სერიოზულ მუშაობას. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ბავშურ წარმატებებს, არც თვითონ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, არც მშობლები ცდილობენ მათგან ვარსკვლავების იძულებით ქცევას. ასე მოხდა ფილმის “ლტოლვილები” პერსონაჟის, პატარა ჟანას შემთხვევაშიც. ანიას ბრემ ფიზიკოსის პროფესია აირჩია და მეტად წარმატებული კარიერა გაიკეთა ატომური ფიზიკის დარგში.
ბრიტანული კინოს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა მარკ ლესტერიც, რომელმაც 10 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი ჩარლზ დიკენსის რომანის “ოლივერ ტვისტის თავგადასავალი” ეკრანიზაციაში. 1960-1970-იან წლებში მარკმა 20-ზე მეტი როლი შეასრულა კინო და ტელედადგმებში, რომელთა შორის იყო ცნობილი პროექტები: “451 გრადუსი ფარენგეიტით”, “უფლისწული და მათხოვარი”, “მოწმე” და “უსაქმური”. თუმცა, 19 წლის მარკი მედიცინამ გაიტაცა და მართალია, დღეს ის საკმაოდ წარმატებული ექიმია, მაგრამ უარს მაინც არ ამბობს ეპიზოდურ როლებზე. მის ბოლო ნამუშევრებს შორისაა ჰაროლდ მეორეს როლიც ისტორიული დრამიდან “1066”. სხვათაშორის, ლესტერის 4 შვილის ნათლია პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონია, რომელთანაც მარკს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
ფაბრის გრეკო იგივე ერიკ რამბალ-კოშე ფილმიდან “სათამაშო” კი, 11 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით მოხვდა გადასაღებ მოედანზე, როცა მშობლების მეგობარმა და ფილმის პროდიუსერმა ალენ პუარემ, მხოლოდ გასართობად შესთავაზა სინჯებში მონაწილეობა.
წარმატებული დებიუტის მიუხედავად, გრეკოს არასდროს უფიქრია სერიოზულ კინოკარიერაზე, სამაგიეროდ, კოლეჯი ინჟინერ-პროგრამისტის სპეციალობა დაამთავრა და დღეს ერთ-ერთი
ინტერნეტ-კომპანიის ვებ-დიზაინერია. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, მშვიდად ცხოვრობს პარიზში და მაქსიმალურად გაურბის ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
9 წლის ენცო სტაიოლამ ნეორეალისტური შედევრიდან „ველოსიპედების გამტაცებლები“, სიარულის თავისებური მანერით მოხიბლა რეჟისორი. ვიტორიო დე სიკას ძალიან უნდოდა ბიჭუნას ფილმში გადაღება, თუმცა მშობლები იყვნენ კატეგორიული წინააღმდეგი და მხოლოდ კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულმა მილიონმა ლირამ (რაც უფროსი სტაიოლას 4 წლის ხელფასს უტოლდებოდა), დაარწმუნა ისინი მიეცათ მცირეწლოვანი შვილისთვის ფილმში მონაწილეობის უფლება.
1950-იან წლებში სტაიოლა ძირითადად მოზარდების როლებს ასრულებდა ნაკლებად ცნობილ ფილმებში, ბოლო ნამუშევრის, ფილმის Spade senza bandiera შემდეგ კი, უარი თქვა კინოკარიერაზე და მათემატიკოსის სპეციალობის მიღების შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 1977 წელს გამოჩნდა დრამაში „გოგონა ყვითელ პიჟამაში“. სხვათაშორის, „ველოსიპედების გამტაცებლების“ 50 წლის იუბილეზე, იტალიაში სპეციალური საფოსტო მარკა გამოვიდა პატარა ბრუნო რიჩის გამოსახულებით.
წარმატებულ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ჟან-პიერ ლეო, რომელიც კომედიაში „ფრთხილად, ლა ტურ!“ დებიუტის შემდეგ მიიწვია ფრანგული “ახალი ტალღის” ცნობილმა რეჟისორმა ფრანსუა ტრიუფომ თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმში „400 დარტყმა“. ლიცეუმის მოსწავლე, 14 წლის ჟან-პიერი დიდად არ განსხვავდებოდა თავისი ბუნტისთავი პერსონაჟისგან – ანტუან დუანელისგან, რომელიც მშობლების გულგრილობით გულდაწყვეტილი, გამომწვევი ქცევით ცდილობს ყურადღების მიქცევას და ამიტომ, არც როლის მორგება გაუჭირდა, რომელიც სხვათა შორის, თავად ტრიუფოს ალტერ ეგოა. რეჟისორისა და მსახიობის წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდა. ფილმები “მოპარული კოცნა”, “ოჯახური კერა” და “გაპარული კოცნა”, დუანელის ცხოვრებას ასახავდნენ სხვადასხვა ეტაპზე და ლეოც პრაქტიკულად თავის პერსონაჟთან ერთად გაიზარდა. უკვე გაზრდილმა სხვა ცნობილ რეჟისორებთან – ეჟი სკოლიმოვსკისთან, პიერ პაოლო პაზოლინისთან, ბერნარდო ბერტოლუჩისთან და ჟან-ლუკ გოდართან გააგრძელა მუშაობა, 1966 წელს კი, მისი ნამუშევარი დარმაში „ქალის და მამაკაცის“ “ვერცხლის დათვის” პრემიით აღინიშნა ბერლინის კინოფესტივალზე. დღეს ლეო 72 წლისაა, დამსხურებულ პენსიაზეა და მხოლოდ ევროპულ კინოფესტივალებზე ჩნდება.

საშინელებათა ფილმების მთავარი გმირები
კომედიის შემდეგ საშინელებათა ფილმი ამერიკელების ყველაზე საყვარელი ჟანრია და სწორედ მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით, ადრე თუ გვიან ყველა რეჟისორი ცდილობს ამ ჟანრში თუნდაც ერთი ფილმის გაკეთებას. გამონაკლისი არც ფრენსის ფორდ კოპოლა აღმოჩნდა, რომელმაც 1994 წელს “ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ცხოვრების ქრონიკა” გადაიღო. ფილმი ერთგვარ ნოვაციად იქცა, რადგან ეკრანზე პირველად გამოჩნდა ვამპირი-ბავშვი 12 წლის კირსტენ დენსტის შესრულებით.
საშინელებათა ეპიცენტრში აღმოჩნდა დენი ლოიდიც, როცა 5 ათას პრედენდენტს შორის სწორედ მან მოიპოვა ჯეკ ნიკოლსონთან და სტენლი კუბრიკთან ერთად ფილმზე “ნათება” მუშაობის უფლება. მართალია, თავიდან როლი “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების” პატარა ვარსკვლავს კერი გუფს ერგო, მაგრამ სცენარის გაცნობის შემდეგ, მისმა მშობლებმა კატეგორიული უარი თქვეს ფილმში მონაწილეობაზე და საბოლოოდ, როლი სწორედ 7 წლის დენიმ მიიღო, რომელიც დაარწმუნეს, თითქოს არა საშინელებათა ფილმში, არამედ ჩვეულებრივ დრამაში მონაწილეობდა. თავად ლოიდის განცხადებით, სრულად ფილმი მან მხოლოდ 16 წლის ასაკში ნახა და საკუთარი თავით დიდად არ აღფრთოვანებულა. “ნათების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ლოიდმა ეპიზოდური როლი შეასრულა ბიოგრაფიულ დრამაში “გორდონ ლიდი” და მართალია, კინოკარიერის გაგრძელების დიდი სურვილის ჰქონდა, მაგრამ ყველა მისი მცდელობა მარცხით დასრულდა. 14 წლის დენიმ საბოლოოდ თქვა უარი მსახიობის კარიერაზე, პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ კი, კენტუკის შტატში ელიზაბეტთაუნის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი გახდა.
“ომენი: წინასწარმტყველება” – გასული საუკუნის 70-იანი წლების კიდევ ერთი ცნობილი “ჰორორია”, რომლის მთავარი გმირი ისევ პატარა მსახიობი ჰარვი სტივენსი გახდა. ფილმს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ჟანრის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა, 6 წლის დენი კი, ბევრისთვის დღემდე ბოროტების მთავარ სიმბოლოდ რჩება. წარამატებული დებიუტის შემდეგ, სტივენსმა ეპიზოდური როლი შეასრულა სატელევიზიო დადგმაში „გოგენი: ველური თუ გენიოსი“, რამდენიმე წლის წინ კი, თავისივე სადებიუტო ფილმის რემეიქში გამოჩნდა ჟურნალისტის ნაკლებად შესამჩნევ ამპლუაში. დღეს, სტივენსი ლონდონში ცხოვრობს, ტვირთის გადაზიდვის კომპანიას ფლობს და ძალიან ბედნიერია, რომ თავის დროზე უარი თქვა კინოკარიერის გაგრძელებაზე.
მარიამ ცომაია




