გადაცემას ”რადიო დუეტი” ავტორ-შემსრულებელი ნუგზარ ერგემლიძე ესტუმრა.
როგორ ხართ?
ნიუ იორკში ვიყავი, სადაც მთელი დღე ”არ დაიდარდოს” უსმენენ. მანანა დონაძემ მიმიწვია საახაწლოდ და რამდენიმე ადგილზე გამოვედი კიდეც. ძალიან მიხარია, რომ ევროპაში გზები გაიხსნება. ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან რთული იყო საზღვარგარეთ წასვლა, მხოლოდ ძალიან გამორჩეულებს ჰქონდათ ბედნიერება, ქვეყნიდან გასულიყვნენ. მე ინგლისი მიყვარს ძალიან, სიამოვნებით წავიდოდი, დავესწრებოდი კონცერტებს. საბერძნეთში გავემგზავრებოდი და ქართველებს ვუმღერებდი. ხანგრძლივად კი ვერსად ვიცხოვრებ.
რა სიახლეები გაქვთ?
სულ ვწერ სიმღერებს, აი მაგალითად სოფო ბედია და ტატო გოდერძიშვილი მღერიან ერთად, ეს სიმღერა ჩემი დაწერილია. ახლა თქვენთან მოვიტანე ”მშვიდობა თქვენდა”, რომელიც ცოცხალ
ჩანაწერს წარმოადგენს. ძალიან ძველი სიმღერაა, 1984 წელს, ახალ წელს ვალერი ლომსაძე ასრულებდა. კაკო ვაშალომიძეს ეკუთვნის მასტერინგი. ნუგზარ კვაშალი და ზურა დოიჯაშვილი მღერიან. კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ, არის ”მამბო”.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მე და ჩემი მეგობრები დავდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წელს ბესო კალანდაძის საიუბილეო წელია და 8 თებერვალს ქუთაისში გვექნება კონცერტი. გარდა ამისა, გვაქვს პრივატული საღამოებიც. ვუშვებ ჩემს ლექსების კრებულს ”სიმღერების ნოტებით”, რომელიც ტექნიკურად ჩემმა მეგობარმა, ზურაბ ჩინჩალაძემ ამიკრიბა. მადლობა მინდა გადავუხადო მას არა მხოლოდ ამისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ნიუ იორკში სწორედ მისი წყალობით მოვხვდი. მინდა, რომ დისკიც იყოს კრებულთან ერთად. მაქვს ბევრი სცენარი სხვადასხვა ჟანრის ფილმებისთვის, თუმცა, სპონსორს ვერ ვპოულობ. ტელევიზიაც ძალიან მომენატრა, მაგრამ ვინ მაკარებს. ყველგან, სადაც დამიძახებენ, ძირითადად ჩემს დაწერილ სიმღერებს ვმღერი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუგზარ ერგემლიძე – მამბო
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
