LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტაბოლური ქირურგია-დიაბეტი ტიპი 2 ის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა გონჯილაშვილი და მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი მაკა კვირიკაშვილი ესტუმრნენ.

საქართველოში უკვე შესაძლებელია ქირურგიული მეთოდით მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობა, საიდან მოდის ეს მეთოდი?

მამუკა: – შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის მკურნალობის  მეთოდი, ეს არის მეთოდების კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ტიპის ოპერაციას მოიცავს. არსებობს მაგალითად ტოპ ოპერაცია რომელსაც მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში ატარებენ , თუმცა ეს მეთოდი ბრაზილიიდან იღებს სათავეს. აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული შედეგები საუკეთესოა, თუმცა მისი ჩატარება ჭარბწონიან ადამიანებში არ შეიძლება. არის კიდევ სხვადასხვა ტიპის ოპერაცია, რომელიც ჭარბ წონიანი ადამიანებისთვის გამოიყენება, მაგალითად  Mini-Gastric Bypass, რომელიც ლიდერია ამ ტიპის ოპერაციებში და პირველად საქართველოში ჩვენთან ჩატარდა.

ვისთვის არის განკუთვნილი ასეთი ტიპის ოპერაციები?

მაკა: – ეს არის ქირურგია, რომელიც ჭარბი წონის ადამიანებს ემსახურება. ზოგადად, სიმსუქნე ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებაა, ამიტომ მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია და პაციენტისთვის რთულია. ქირურგიული ოპერაცია სათავეს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. სიმსუქნე მხოლოდ ჭარბი ცხიმი არ არის, ის ასოცირებულია სხვადასხვა თანმხლებ პათოლოგიებთან. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქირურგიული ჩარევა  სჭირდება პაციენტს, ამის დადგენა კვლევების შედეგად ხდება. დიაგნოსტირდება ყველა თანმხლები დაავადება და ხდება პაციენტის ისტორიის შეკვრა. მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინალური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება , რომელიც მოიცავს  კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰეპატოლოგის , ოფთალმოლოგის ,ნერფროლოგის  და ფსიქოთერაპევტის  კლინიკურ დასკვნებს . მნიშვნელოვანია თავიდანვე პაციენტის ფსიქოტიპის განსაზღვრა, იმისთვის რომ შეიჩეს ისეთი ოპერაცია , რომლის „გაფუჭება“ პაციენტისთვის იქნება გართულებული   .ოპერაციის არჩევაში პაციენტიც იღებს მონაწილეობას, ის მაქსიმალურად არის ინფორმირებული.

რამდენად რთულია ეს ოპერაცია და რა შედეგები გაქვთ?

მამუკა: – წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს ისეთი დაავადებისგან განიკურნოს, რასაც შაქრიანი დიაბეტი ქვია. ეს კი ისეთი დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლაში ღებულობს მონაწილეობას, დათრგუნულია ყველა სისტემა და პერსპექტივაც არასახარბიელო აქვს პაციენტს ასაკთან ერთად.  პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე  შემუშავდა ქირურგიული მეთოდი . ეს ძირითადად არის ლაპაროსკოპიული ოპერაცია, თუმცა არის ოპერაცია და ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა შეიცავს რისკს. 100%-იანი შედეგი ბუნებაში არ არსებობს. საქართველომ და თურქეთმა ამ მეთოდზე მუშაობა ერთად დავიწყეთ, ერთი მასწავლებელი გვყავდა, თუმცა თურქები უფრო წინ არიან, რადგან სახელწმიფო სრულად აფინანსებს ოპერაციას, ჩარევა პრედიაბეტის დროსაც ხდება და შესაბამისად ფანტასტიური შედეგები აქვს. თურქებმა ხალხს გააგებინეს, რომ ოპერაცია უფრო ეფექტურია პრედიაბეტის შემთხვევაში.

ჩვენ ექიმთან მაშინ მივდივართ, როდესაც მდგომარეობა კრიტიკულია, შეიძლება თუ არა პაციენტი ჩივილების დონეზე მიხვდეს, რომ საქმე აქვს დიაბეტთან?

მაკა: – თუ პაციენტი ჭარბწონიანია, სიმპტომები შეფარვით მიდის და დიაგნოსტირება მხოლოდ დაავადების კლინიკური გაშლის სტადიაზე იყოს შესაძლებელი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პაციენტმა წონას მიაქციოს ყურადღება და ასევე ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაიტაროს რუტინული კვლევები. შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებია: პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა ღამით. თუმცა ყველა კლინიკური ნიშანი შეიძლება არ იყოს ჩამოყალიბებული – დღის რაღაც პერიოდის განმავლობაში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სისხლში მაღალი გლუკოზა და ეს არ იყოს მთელი დღის განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი, სწორედ ეს არის პრედიაბეტის მდგომარეობა. პრედიაბეტის დიაგნოსტირება ხდება გლიკოზირებული ჰემოგლობინის საშუალებით რომელიც აჩვენებს სამი თვის განმავლობაში როგორი იყო გლიკემია სისხლში. მისი გარკვეული დონე მიანიშნებს, რომ აქ არის პრედიაბეტი, ანუ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა და ის საჭიროებს ზომების მიღებას, რომელიც შეიძლება თავიდან ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვების მოწესრიგება იყოს. კითხვაზე, თუ როდის უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება დიაბეტს, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია წონა, სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში.

პრედიაბეტის, ან მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობის შემდეგ, არის თუ არა შესაძლებელი იკვებოს პაციენტი იმით, რაც სურს ან თუ არის განმეორებითი დიაბეტის რისკი?

მაკა: – პაციენტი, რომელიც მხოლოდ სიმსუქნის გამო იტარებს ოპერაციას, ანუ მას არ აქვს დიაბეტი, ასეთ დროს მას შეუძლია მიიღოს ის, რაც სურს და მთავარი სიგნალი არის გადავსების შეგრძნება, არ უნდა მიირთვას ბევრი. ზოგადად ყველა ოპერაციას თავისი ”მუშაობის” წლები აქვს, ანუ რამდენ ხანს არის ის მაქსიმალურად ეფექტური. ვერტიკალური სუბ გასტრექტომიის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 5 წელი, დანარჩენი უკვე პაციენტის კვებით ჩვევაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, აქ სხვადასხვა გრადაცია გვაქვს, ოპერაციის შედეგები ორნაირად იყოფა, მკურნალობის გამარტივება და მეორე, როდესაც ხდება გართულებების პრევენცია. ბოლო ერთი წლის მონაცემებით მიიჩნევა, რომ მეტაბოლიზმს ყველაზე უკეთ მინი გასტროშუნტირება აუმჯობესებს. ზოგადად, კვებით ჩვევას ორგანიზმში ჰორმონები განსაზღვარვენ, საუბარია შიმშილის ჰორმონებზე, რომელიც კუჭის ფუნდალურ ნაწილში გამომუშავდება. ქირურგიული ჩარევის შედეგად ფუნდალური ნაწილი იკვეთება და შიმშილის გრძნობა ქვეითდება. ქირურგიული ჩარევა ფიზიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით ხდება. ეს არ არის უხეში ქირურგია, ეს არის ბიოქიმიური ქირურგია, რომელიც ორგანიზმზეა გათვლილი. რაც შეეხება ოპერაციის შემდეგ არის თუ არა კვებითი კომფორტი, რა თქმა უნდა არის. პაციენტს შეუძლია მიიღოს საკვები, ოპერაციიდან ერთი წლის განმავლობაში საჭიროა მონიტორინგი და რუტინული ტესტები, რომლის დროსაც ფასდება მეტაბოლიზმი და სადაც არის გადაცდომა, იქ ვეხმარებით პაციენტს. ამის შემდეგ უკვე წელიწადში ერთხელ ხდება ვიზიტი ენდოკრინოლოგთან. ოპერაციის შემდეგ აღარ არის საჭირო დიდი რაოდენობით მედიკამენტი, რადგან პაციენტები ხშირ შემთხვევაში 15-20 დასახელების მედიკამენტს იღებენ.

რამდენად იცის საზოგადოებამ ამ მეთოდების შესახებ და რამდენად ხელმისაწვდომია?

მამუკა: – ექიმებმა უნდა ავუხსნათ პაციენტებს რეალური ვითარება და შესაძლო გამოსავალი. ძალიან მარტივია ამის ახნა თანამედროვე პაციენტისთის, რადგან ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამედიცინო საზოგადოების ფუნქცია არის ინფორმაციის მიტანა მათთან, ვინც ამის შესახებ არ იცის. თუ გაუჩნდა სურვილი მოინახულოს ექიმი, რომელიც ამას აკეთებს, მოდის, ვუხსნით ყველაფერს და არჩევანი პაციენტზეა. მსოფლიოში არსებოს ორი მეთოდი, მედიკამენტური და ქირურგიული და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ვერ ახერხებს კვებით შეუწყოს ხელი ორგანიზმს და მედიკამენტური მკურნალობით შედეგს ვერ იღებს, წყვეტს ქირურგიული ჩარევა გააკეთოს. ასზე მეტი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული და შედეგები მსოფლიოში არსებულ შედეგებთან აბსოლუტურად ადეკვატურია. მე არ ვფიქრობ, რომ პრედიაბეტის ყველა შემთხვევაში საჭიროა ოპერაცია.

რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს უარს ოპერაციაზე და რა უკუჩვენებები არსებობს?

მაკა: – პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ტიპი ერთი ამ ქირურგიულ ჩარევას არ იტარებენ. ასევე, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტი ვერ იტარებენ ოპერაციას. დაგვრჩა პაციენტები სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორით. წინააღმდეგ ჩვენება არის ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე წყლულოვანი დაავადება, რევმატოიდული პროცესები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ორსულობა. გასათვალისწინებელია ასევე კარდილოგიური რისკები, თირკმლის უკმარისობა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ჩვენ ვწყვეტთ ჩატარდეს თუ არა ოპერაცია და ა.შ. მინდა ღვიძლის ცხიმოვანი დაზიანება ავღნიშნო, რომელიც პაციენტების 90%-ზე მეტისთვის არის დამახასიათებელი და ხშირად ამა თუ იმ ეტაპზე არ შეიძლება ოპერაცია. ამ დროს პაციენტი ემზადება ოპერაციისთვის.

თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც უარი თქვით ოპერაციაზე და გაუშვით პაციენტი სხვადასხვა მეთოდით სამკურნალოდ?

მამუკა: – როდესაც არ არის ჩვენება, არ კეთდება ოპერაცია. მაგალითად როდესაც არის მძიმე დესტრუქციული ცვლილებები, უკვე განვითარებულია ნეფროპატია, კარდიოვასკულარული პრობლემები, აქ ქირურგიული ჩარევა არ ხდება. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ამ დროსაც აკეთებენ ოპერაციას. ჩვენთან ქირურგიული ჩარევა ხდება ზუსტად ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში. აქ მხოლოდ ყველაფერი საუკეთესოა, რამდენიმე ათას ლარს ცდება კვლევებში დახარჯული თანხა და ეს საჭიროა იმისთვის, რომ პოსტოპერაციული პერიოდი მშვიდი და უსაფრთხო იყოს. კეთდება ადამიანის ორგანიზმის ფუნდამეტური კვლევა და ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ. Mini-Gastric Bypass სწორედ იმიტომ იქნა საუკეთესოდ აღიარებული, რომ მას პოსტოპერაციული პერიოდი აქვს უსაფრთხო. ყველა პაციენტს სწორედ იმ ოპერაციას ვარგებთ, რომელიც მას სჭირდება.

მნიშვნელოვანია ექიმისთვის ის გუნდი, ვინც მასთან ერთად მუშაობს…

მამუკა: – გუნდი ნიშნავს ერთი მიმართულებით მოაზროვნე ადამიანებს. მხოლოდ ჩემი კოლეგების თანხმობის შემდეგ ხვდება პაციენტი ქირურგთან. საქართველოში მთლიანად ოპერატორია პასუხისმგებელი და გუნდის თავიც სწორედ ის არის.

მანამ, სანამ მდგომარეობა გართულდება და ოპერაციამდე მივალთ, რა შეიძლება იყოს პრევენცია, როგორია თქვენი რეკომენდაციები?

მაკა: – მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს მსოფლიოში დიაბეტით 432 მილიონი ადამიანი ავადობს და ეს ციფრი მზარდია. სტატისტიკურად ყოველ 7 წუთში დაავადების ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სტატისტიკა შემაშფოთებელია. საჭიროა ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა, ძილისა და კვების მოწესრიგება. პაციენტს აქვს მიდრეკილება ცხიმების დაგროვებისკენ და ეს მუცლადყოფნისას იწყება. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და არ უნდა იფიქროს, რომ პუტკუნა ბავშვი ჯანმრთელი ბავშვია. როდესაც დანახარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე მიღებული ენერგია, ცხიმი გროვდება და იწყება სიმსუქზე. მთავარი რჩევა არის ის, რომ არ დავუშვათ ჭარბი წონა. თუ უკვე დიაგნოსტირებულია დიაბეტი, მთავარია ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჩვენთან არსებული პათოლოგიების შემთხვევაში.

თუ არის შესაძლებელი გენეტიკური განწყობის შემთხვევაში თავიდან ავირიდოთ დიაბეტი?

მაკა: – გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს დაავადებას, მემკვიდრული წინასწარ განწყობა არის მტარებლობა და არა დაავადება. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ არასწორი კვებითი ჩვევით და არანორმირებული დღის გრაფიკით, დაავადება განვითარდება. თუ მეტაბოლიზმს სწორად ვმართავთ, შესაძლოა დაავადების გადადება მაინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაძლოა ადამიანი სულაც არ იყოს მტარებელი მაგრამ თუკი იღებს ჭარბი რაოდენობით კალორიას, შესაძლოა დაავდება ჩამოუყალიბდეს. მეტაბოლიზმის მართვა არც თუ ისე რთულია, მთავარია დღე სწორად დაგეგმო და არ არის საუბარი შიმშილზე, რომელიც უკვე სტრესის გამომწვევია.

დღითიდღე ლაპარასკოპიული ქირურგია სულ უფრო პოპულარული ხდება. რას მოიცავს ეს სპექტრი და რა შესაძლებლობას იძლევა თქვენი საავადმყოფო?

მამუკა: – ტრადიციულ ანუ მუცელ კვეთის მეთოდსა და ლაპარსკოპიულ მეთოდს შორის მსოფლიომ არჩევანი ლაპარასკოპიაზე გააკეთა. ქირურგისთვის მუცლის გაკვეთა რა თქმა უნდა უფრო მარტივია. ლაპარასკოპიულ ქირურგიას პაციენტისთვის დიდი უპირატესობები ახლავს თავს, მოკლე დრო საავადმყოფოში, პოსტოპერაციული თიაქრების პრაქტიკულად არარსებობა და ა.შ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლაპარასკოპიული ქირურგია ჯერ საქართველოში დაბალ დონეზეა. თუ არის შესაძლერბელი ოპერაცია შესრულდეს ლაპარასკოპიით, აუცილებლად კეთდება ლაპარასკოპია, მაგალითად მსხვილი და წვრილი ნაწლავის სიმსივნეების, კუჭის, სწორი ნაწლავის სიმსივნეების დროს ა.შ. ლაპარასკოპიული ქირურგია უფრო ძვირია რა თქმა უნდა.

გადაცემის ჩანაწერი