ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დევ ჯაგადესანთან (Dev Jagadesan).
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა და პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციაში. ესაა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული ორგანიზაციაში – ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამერიკული მხარის მხრიდან შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც OPIC-მა სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის აღმოუჩინა ქვეყანას, მათ შორისაა, ფინანსური სექტორი, ტურიზმი, ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სამთო მრეწველობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკის სფერო, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციას როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში (18 მლნ აშშ დოლარი); GMT სასტუმროების ქსელი (29 მლნ აშშ დოლარი) „ვენდის“ რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით (18.9 მლნ აშშ დოლარი); სს საქართველოს ბანკი – 30 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის და სხვა. შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
