Met Gala – ეს არის ღონისძიება, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები წლიდან წლამდე დიდი მონდომებით ელოდებიან და ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ღონისძიება კოსტიუმების წვეულებას წარმოადგენს და მასზე მისული ვარსკვლავები, როგორც წესი თავს ეპატაჟის, ავანგარდისა და ორიგინალურობის უფლებას ბოლომდე აძლევენ. Met Gala-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ოსკარსაც უწოდებენ.
წლევანდელი ღონისძიება, რომელიც ცნობილი მარკის, Comme des Garçons-ის შემქმნელს, იაპონელ დიზაინერს, რეი კავაკუბოს ეძღვნებოდა, როგორც მოსალოდნელი იყო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. სწორედ ამ ბრენდის 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კაბით გამოცხადდა რიანა საღამოზე.
წითელი ფერის „აყვავებული“ ჩაცმულობა მომენტალურად გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში მოექცა. 29 წლის ვარსკვლავს ჩაცმულობის შესაფერისი მაკიაჟი ჰქონდა და ის მოვარდისფრო ტონალობებისგან შედგებოდა.




