
მომღერალი ტატო გოდერძიშვილი უკვე 33 წელია, სცენაზე დგას. ამ თარიღთან დაკავშირებით ის ღონისძიებას მართავს, სადაც საკუთარი შემოქმედების დამფასებლებსა და იმ კოლეგებს შეკრებს, რომლებთანაც თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.
ტატო გოდერძიშვილი:
ამ კონცერტის სათაურია „33 წელი სცენაზე“, აქ ვაჯამებ ჩემს განვლილ წლებსა და შემოქმედებას, ჩემს ცხოვრებას. ჩემთან ერთად იქნებიან ის კოლეგები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც მიმღერია. წარმოდგენილი იქნება პროგრამა, სადაც 80% სიახლეა – შევასრულებ ახლად ჩაწერილ დუეტებს სოფო ბედიასთან, ლაშა რამიშვბილთან, გოგიტა გეგელაშვილთან, მაკა ზამბახიძესთან ერთად. ასევე ვმუშაობ დათუნა მგელაძესა და ვერიკო ტურაშვილთან ერთობლივ სიმღერებზე, თუკი ამ დღისთვის მოსწრება, კონცერტზე შეკრებილ მაყურებელს მოვასმენინებთ, თუ არა, მოგვიანებით გავაკეთებთ პრემიერებს.
ჩემთან ერთად გამოვლენ ასევე ანსამბლები „ხარება“ და „მაჩაბელა“, სწორედ მათთან ერთად წარვდგები კონცერტის დასაწყიში, ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს არის მუსიკა, საიდანაც ჩვენ ყველა მოვდივართ…
ჩაწერილი მაქვს ასევე ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა, რომელსაც ასევე შევასრულებ კონცერტზე.
ღონისძიება გაიმართება „თბილისი არტ ჰოლში“, 10 ივნისს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია „თბილისი არტ ჰოლის“ სალაროებში.


