
გადაცემას „რადიო დუეტი“ ავტორ-შემსრულებელი ნანა ბალახაშვილი ესტუმრა. ის ასევე საბავშვო სტუდიის „ლურჯა ცხენების“ ხელმძღვანელია. წერს ლექსებსაც. ქალბატონმა ნანამ „არ დაიდარდოს“ მსმენელს ორი ახალი სიმღერა შესთავაზა. ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორ ხართ?
დიდი ხანია თქვენთან არ ვყოფილვარ, ბოლოს მე და თამრიკო მეჭიაური ვიყავით სტუმრად. დღეს ჩემი ორი სიმღერა გაჟღერდება, რომელსაც თავადვე ვასრულებ. იცით, რომ ჩემს სიმღერებს სხვადასხვა მომღერალი მღერის. ყველა კომპოზიტორი ამა თუ იმ სიმღერაში ხედავს კონკრეტულ მუსიკოსს. არის სიმღერები, რომლებიც ჩემს თავზე ავიღე. ავტორ-შემსრულებელი განსხვავებული ფენომენია. შეიძლება არ იყოს ვოკალი გამართული, მაგრამ მთავარი ემოციაა.
საბავშვო სტუდიაზეც ვისაუბროთ…
უკვე 25 წელია „ლურჯა ცხენების“ ხელმძღვანელი ვარ. ჩვენ პროფესიონალთა გუნდი ვართ, რომლებმაც წლებს გავუძელით. 2008 წლამდე საქართველოს ბავშვთა ფედერაციას წარმოვადგენდით და მასთან არსებული სტუდია იყო. 1994 წელს მქონდა პირველი მიღება. მაშინ ძალიან მოწყურებული იყო საზოგადოება მუსიკას, კონცერტს. 25 წლის წინ ჩემი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო. ვერ ვიტყვი, რომ სტუდია წარმატებული ჩემი სახელის გამო გახდა. სტუდია არ იყო გათვლილი მატერიალური კეთილდღეობისთვის. საბავშვო სიმღერების არაერთი კრებული მაქვს გამოშვებული. სულ 150-მდე სიმღერა მაქვს. საზოგადოებისთვის მხოლოდ ამის ნახევარია ცნობილი, რადგან ყველა სიმღერის წარდგენას ფინანსები სჭირდება. მაქვს სიმღერები პატრიოტულ თემაზეც, ასევე სატრფიალო ხასიათის ნამუშევრები.
რა ასაკიდან ხდება პატარების მიღება?
ამ 25 წლის განმავლობაში თაობები გავზარდეთ. გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობა. მიმინარეობს კომპლექსური სწავლება. ჩვენი მისამართია: ცოტნე დადიანის N28. დავამატეთ ინგლისური ენის გაკვეთილები ვოკალთან ერთად. ჩვენთვის ქართული სიმღერაა პრიორიტეტი, მაგრამ მოსწონთ ინგლისურ ენოვანი სიმღერებიც. მხოლოდ ასაკისთვის შესაფერის სიმღერას ვამღერებთ და ყოველთვის ვცდილობთ გაიაზროს, რას მღერის. ბავშვებს ვიღებთ ოთხი წლიდან. დავამატეთ გუნდი, გიტარის შესწავლა და ა.შ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ არ ვზრდით ვარსკვლავებს, ჩვენ ვზრდით გემოვნებიან მსმენელს. ათ მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პროდიუსერი ელისო კაპანაძე ატარებს გალა კონცერტს, სადაც ჩემს მიერ „დედა-შვილობის ზღაპარი“ შესრულდება. მონაწილეობენ „ლურჯა ცხენების“ ანსამბლური ჯგუფები. ასევე, იტალიაში იგეგმება ქართული მუსიკის დღეები. მინდა, რომ მოხალისედ ჩავიდე ჩემს ბავშვებთან ერთად. ორი თვე ვგეგმავ იტალიაში გაჩერებას.
ახალ სიმღერებზე ვისაუბროთ…
დღეს, ცოტა ვნერვიულობ, როგორ მიმიღებს მსმენელი. „ღამისპირულს“საინტერესო ისტორია აქვს. როდესაც სიმღერა შინაარსითა და ემოციით არის შენთან ახლოს, ეს ძალიან კარგია. ნუკრი რუხაძემ გააკეთა არანჟირება. ლექსი იტალიელ ემიგრანტს, ლელა ლაჩაშვილს ეკუთვნის. მას სხვადასხვა კრბული აქვს გამოცემული. სიმღერა ლექსის მიხედვით შეიქმნა. ჩემთვის ყოველთვის პირველი ჯერ ლექსია. ლექსი არის ჩემში ამღერებული სიმღერა. ამ ქალბატონს პირადად არ ვიცნობ, სოციალური ქსელით გავიცანი. მისი პოეზია ძალიან ახლოს არის ჩემს შემოქმედებასთან, მიმდინარეობასთან.
მეორე სიმღერა კი არის „კვლავ ვიმღერებ“…
ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ უმღერონ სიყვარულზე. არის სევდანარევი, ნოსტალგიური სიმღერა. 2000 წელს დავწერე ლექსი, ხოლო 5-6 წლის წინ დასრულდა მუსიკის შექმნა. არანჟირება პაატა ფაცურიას ეკუთვნის, ჩაიწერა პაატა სილაგაძესთან. იმედია, მსმენელს მოეწონება და ჰიტი გახდება.
ნანა ბალახაშვილი – ღამისპირული
ნანა ბალახაშვილი – კვლავ ვიმღერებ
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ნანა ბალახაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები




