
გადაცემას “რადიო დუეტი“ დათო ნეფარიძე ესტუმრა. მუსიკოსმა სამომავლო გეგმებზე, 8 მარტისთვის დაგეგმილ კონცერტზე და ახალ სიმღერაზე ისაუბრა.
რა ხდება შენკენ ახალი და საინტერესო?
მაქვს ახალი პროექტი, რომელზე საუბარიც ჯერ-ჯერობით არ მინდა. გეტყვით იმას, რომ მინდა ჩავწერო რამდენიმე ახალი სიმღერა რომელიც ძალიან მომწონს. ეს სიმღერები ძალიან კარგ ქუთაისელ კაცს, თამაზ მონიავას ეკუთვნის. მას ისეთი ლექსები აქვს, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. და როცა ლექსი ახლოს მოდის ჩემს გულთან, ყოველთვის მინდა ჩავწერო. უკვე რამდენიმე დღეა სერიოზულად ვფიქრობ და ვიცი რომელი სიმღერების შესრულებაც მინდა, ამიტომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ახალი ნამუშევრით გესტუმრებით.
დღეს რომელ სიმღერას წარმოგვიდგენ?
„სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული“ – ჩემი და კაბუს ერთობლივი ნამუშევარი. როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ მაშინ ნამდვილი ნოუ-ჰაუ იყო. პირველად მოხდა, როცა რეპი და ქალაქური სტილები გაერთიანდა. ეს სიმღერა ბატონი ოთარ რამიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულად მიყვარს. მე და კაბუმ ის ბატონი ოთარის იუბილესთვის ჩავწერეთ, ავტორმაც მოისმინა, რაც ძალიან მახარებს.
დათო, როგორც ვიცი კონცერტისთვის ემზადები?
დიახ, ხვიჩა მაღლაკელიზე, გუჯა მარდალეიშვილი და მე ერთობლივ კონცერტს ვამზადებთ. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში, მარჯანიშვილის 16 ნომერში გაიხსნა ახალი კლუბი „ნეო ქლაბი“, რომელშიც არაჩვეულებრივი გარემოა და კონცერტის გაკეთებაც სწორედ იქ გადავწყვიტე. კლუბი ფერეიდნელმა ქართველმა სანდრო აბრამიშვილმა შექმნა. კონცერტი 8 მარტს გაიმართება, გვინდა რომ ქალბატონებს განსაკუთრებული საღამო ვაჩუქოთ და მათ უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ მუსიკალური პროგრამა, მიირთვან გემრიელი კერძები და ძალიან სასიამოვნო დრო გაატარონ.
რაც შეეხება ახალ სიმღერას – „თბილისო“…
ეს სწორედ ის ძველი „თბილისოა“ რევაზ ლაღიძის და პეტრე გრუზინსკის შემოქმედებიდან, რომელიც 1959 წელს არის დაწერილი და ამ სიმღერას ალბათ მთელი მსოფლიო მღერის. არ მეგულება მეორე ასეთი სიმღერა, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო. ამ სიმღერას ხშირად ვასრულებდი და ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი ვერსიაც ჩამეწერა. ნამუშევარი რომა გიორგაძის სტუდიაში, მართლაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიწერა.
დათო ნეფარიძე – თბილისო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
დათო ნეფარიძე – სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული. Live
დათო ნეფარიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები






