ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო სექტორთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს, რომელიც 7 მაისიდან ამოქმედდება, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბახტაძემ ფილიპინებში, ქალაქ მანილაში სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეროვნული ბანკის რეგულაციები ერთი ნაბიჯია, თუმცა იქნება სხვა ნაბიჯებიც, რადგან ჭარბვალიანობა უნდა შემცირდეს.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჭარბვალიანობას საქართველოში სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ღონისძიებებს, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან. აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე. მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ რეგულაციას, რომელიც 7 მაისიდან შევა ძალაში. ეს არის ერთი ნაბიჯი, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ იქნება სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის მაქსიმალური ზღვარის დაწესება გარკვეული ტიპის საკრედიტო პროდუქტებზე და უფრო აქტიურად შემოღება ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში სამწუხაროდ ხშირად იყო პრაქტიკა დამკვიდრებული, რომ მომხმარებელს კონტრაქტში ჩაუწერდნენ პროცენტს, შემდეგ კი სხვადასხვა ჯარიმების და საკომისიოების მეშვეობით ციფრი სხვა გამოდიოდა.
„ეს არის მომხმარებლის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანი თამაშის წესების დადგენაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. ორმაგი სტანდარტია ის განცხადებები, რომ თურმე ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ა.შ. ჩვენ სწრაფვა გვაქვს ევროპისკენ და მინდა ამ ადამიანებს შევეკითხო: რომელ ევროპულ ქვეყანაში წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე მომხმარებელს კონტრაქტში არ ეწეროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ძირი თანხის ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ დაფარვა მოუწიოთ, როგორც საქართველოში ხდებოდა. სამართლიანი წესების დამკვიდრება გულისხმობს სწორედ მომხმარებლების უფლებების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, გამჭვირვალობას და ისეთი სტანდარტების დადგენას, რომელიც შეამცირებს ჭარბვალიანობას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრს არ აქვს მოლოდინი, რომ სანამ ზღვრები დადგინდება, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება.„პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ახალმა რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რადგან ფინანსურ ინსტიტუტებს ექნებათ საშუალება უკეთესი ანალიზი გააკეთონ მომხმარებლის შემოსავლის, რისკები გათვალონ უკეთ და აქედან გამომდინარე, გააიაფონ თავისი პროდუქტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
