ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.
“ოფიციალურად ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას დავიკავებ ამ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, გაპროტესტებას არ ვაპირებ, მაგრამ საკითხი არის ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესს. ესაა პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე იქნება თუ არა იურიდიული კომიტეტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება და არც გედი ფოფხაძეს დააკლდება რამე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.
