ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან კომენტარი დღეს გააკეთა. მისი თქმით, „“არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, მერაია ქერი ჩამოვიდეს და უკვე მაისში გამართოს პირველი კონცერტი. როგორც კი იქნება დაზუსტებული, შეგატყობინებთ“.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი პოპ-შემსრულებლის შესაძლო კონცერტისა და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებიც „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი, თებერვალში გახდება ცნობილი.
მერაია კერიმ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ვარსკვლავად აქცევს. აშშ-ში ის მესამეა ყველაზე კარგად გაყიდვადი ქალი მომღერლების სიაში. 2012 წელს VH1-მა მას 100 საუკეთესო ქალ მომღერალს შორის მეორე ადგილი მიაკუთვნა. კომერციული მიღწევების პარალელურად, ის დაფასებულია მუსიკალური კრიტიკოსების მიერ და მიღებული აქვს 5 „გრემი“, 19 მსოფლიო მუსიკის ჯილდო, 10 ამერიკული მუსიკის ჯილდო და „ბილბორდის“ 14 პრიზი.
ამჟამად მუსიკოსი პოპულარიზებას უწევს თავის ახალ ალბომს.
თუკი მერაია კერი საქართველოს ესტუმრება, მისი კონცერტი “ბლექ სი არენაზე” შედგება.
