სოციალურ ქსელში ანა მანაგაძე ავრცელებს პოსტს, რომელსაც ბევრი გაზიარება მოჰყვა. როგორც ანა აღნიშნავს, ადამიანებს ამ ქვეყანაში ძალიან უჭირთ და ამიტომ ყიდულობენ იაფფასიან გამათბობლებს და ცხოვრობენ ნაქირავებ ბინებში, ასევე იქექებიან ნაგავში. ამ ნააზრევით ის ეხმაურება სოცქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს გუშინდელ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა გაირკვა, რომ ნაქირავებ ბინაში, სადაც შვიდი ადამიანი CO-ს ნამწვით გარდაიცვალა, გამათბობელი კუსტარულად იყო მიერთებული… საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც, „ყაზტრანსგაზის“ გაფრთხილების მიუხედავად, მაინც თვითნებურად აერთებს მილებს…
გთავაზობთ ანა მანაგაძის პოსტს:
„ორმოცლარიან გამათბობელს იმიტო ყიდულობენ, სარდაფებში იმიტო ცხოვრობენ, ნაგვის ურნაში იმიტო იქექებიან, მეორად ტანსაცმელს იმიტო ყიდულობენ, იატაკზე იმიტო სძინავთ და ასი კაცი იმიტო ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რო უჭირთ. ძალიან უჭირთ.
ბასიანის დახურვით აღშფოთებული საქართველოს 9/10-ს ძალიან უჭირს.
ვისაც არ უჭირს, ისინი სხედან კაბინეტებში და რეგულაციებს იფიქრებენ – არ შეიძლება ნაგვის ქექვა. სიცოცხლისთვის მავნებელია და უნდა აიკრძალოს,
არ შეიძლება სარდაფში ცხოვრება, უნდა აიკრძალოს..
მთელი სხეული მეწვის, მე არ ვცხოვრობ ხელგაშლილად არანაირად, მარა მაინც უკეთესად ვცხოვრობ, ვიდრე სამუშაოდ ჩამოსული ის შვიდი ადამიანი, დღეს რო გარდაიცვალა და ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც დამნაშავეს მათ წინაშე“.

