„ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ, პლენარული სხდომის დარბაზში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამდე განაცხადა.
მოხსენების დაწყებამდე, სხდომა პარტიის ყველა წევრმა დატოვა.
როგორც ბოკერიამ განმარტა, საპრეზიდენტო არჩევნები მასობრივი მოსყიდვით ჩატარდა და ამ პროცესით პოსტზე დანიშნული პრეზიდენტის ნაბიჯები საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელებაა.
„იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ, ცინიკურ მოსყიდვას, რიგ შემთხვევებში, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას. იმის გამო, რომ ამისთვის დღეს არავინ დასჯილა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურში წინ წამოწია პროპუტინული ძალები და დაიწყო დაშინების კამპანია, ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ, მისი პირველივე ნაბიჯები კი იყო საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელება… ამ ყველაფრის გამო, „ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს,“ – განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში, პირველი მოხსენებით გამოდის.
