ბიზნესმენები თამბაქოს სფეროში გაჩენილ პრობლემებზე საუბრობენ. იმპორტიორი კომპანიები ქვეყანაში ე. წ. შავი ბაზრის გაჩენას პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, სიგარეტზე აქციზის ზრდის გამო, მოქალაქეების ნაწილი გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა. ახლა კი, თუ აქციზი ამ მიმართულებითაც მოიმატებს, იმპორტიორები კონტრაბანდის ზრდაზე საუბრობენ. კომპანიების ინფორმაციითვე, არაკანონიერი გზით შემოტანილი გასახვევი თამბაქოს მონაცემები ოფიციალურად არ არსებობს.
„ფილიპ მორისი საქართველოს“ კორპორატიული განყოფილების ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ აქციზი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და ბოლოს ზრდა გასული წლის დეკემბერში იყო. მისი თქმით, გასახვევი თამბაქოს აქციზის ზრდაზე ამ ეტაპზე ზუსტ შეფასებას ვერ აკეთებენ და ბაზარზე მოვლენების განვითარებას ელიან.
„ჯეი თი აი კავკასიის“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შესახვევ თამბაქოზე აქციზის გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს და მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის. მისი განმარტებით, კანონიერი ბიზნესი გაზრდილი აქციზის გადამხდელია და ისინი უკანონო მეწარმეებთან არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან.
შეგახსენებთ, რომ შესახვევ თამბაქოზე აქციზის ზრდის ინიციატივით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა.
