განხეთქილება არ შეიძლება არსებობდეს ჩვენს გუნდში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, ხომ არ არის სამთავრობო გუნდში განხეთქილება და რა საკითხს შეეხებოდა თეა წულუკიანის თემა.
„საკითხი შეეხებოდა ერთ-ერთ ინიციატივას, საკითხს, რომლის გარშემოც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. მოხდა პოზიციების შეჯერება. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, ვალდებულება და მოვალეობაა, თითოეულ საკითხზე მოხდეს პოზიციების შეჯერება და მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. ასეთი საკითხები, გარწმუნებთ, საკმაოდ ხშირად არის მთავრობის სხდომაზე. ჩემი როგორც პრემიერის მოვალეობაა, მოვახდინო საკითხის შეჯერება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ მოხდება ცვლილებები გუნდში, ამის შესახებ პირველი მედია შეიტყობს.
„სამთავრობო ცვლილებებს რაც შეეხება, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება იქნება, პირველი მედია გაიგებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
