LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი” – დაპირისპირება კახიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის

„დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი,“ – ასე მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.

კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ კანონპროექტს წარადგენს. საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.

წარდგენისას  მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოთარ კახიძე დეპუტატების და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„შენ ცდილობ მე მომატყუო, ორი დღეა ატყუებთ დეპუტატებს და ხალხს რას უშვები წარმომიდგენია“, – განაცხადა მდინარაძემ.

თავის მხრივ, ოთარ კახიძემ მამუკა მდინარაძე დაადანაშაულა ტყუილში.

„ტყუილებზე როდესაც ლაპარაკობ, შეგახსენებ შენ მთელ პერიოდს. 2012 წლამდე არგუმენტებით რომ მელაპარაკები 2019 წელს და მერე ასე თამამად რომ ლაპარაკობ. არ უნდა უნდა მოგვატყუო“, – მიმართა მდინარაძემ კახიძეს, რაზეც კახიძემ ასევე კითხვით მიმართა, „ვის აქვს აბა ლაპარაკის უფლება, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს?“

საპასუხოდ მდინარაძემ განაცხადა, რომ „ამ სახელების მოწეპებას“ რომ ცდილობენ, ესეც ტყუილია.

„ათი წუთია გეხვეწება კაცი და სიმართლე ვერ გათქმევინა, თუმცა სიმართლეს როგორც კი იტყვი, მიხვდები, რომ სისულელეა ეს, კანონპროექტი კი არ არის და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არის შეურცხმყოფელი“, – განაცხადა მდინარაძემ, რის შემდეგაც კახიძემ უპასუხა, რომ მას შეეძლო სხდომა დაეტოვებინა.

„ბევრჯერ თუ გამოიყენებენ სიტყვა სისულელეს, შენ თვითონ გამოჩნდები სულელად“, – მიმართა კახიძემ მდინარაძეს, რის შემდეგაც მდინარაძემ მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

ოთარ კახიძის თქმით,”ქართულმა ოცნებამ“  უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად „ივანიშვილი–ჩინჩალაძის შეთანხმების ამსახველი კანონპროექტი წარადგინა. მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით პარლამენტი განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატურებს, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი „კლანი“ წარუდგენს.

კახიძე აცხადებს, რომ მათ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებისმიერ წევრს მისცემს კანდიდატურის წარდგენის უფლებას, რითაც პარლამენტს უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა ექნება.