“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს.
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვითხოვთ საქმის დროული გამოძიება მოხდეს. მელანო ფუტკარაძე რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს შეეწირა”, – განაცხადა აქციი ერთ-ერთმა მონაწილე ტარიელ ქათამაძემ.
მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ფოტო: “ბათუმელები”
