LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე „დასდო“ – ზურაბიშვილი

ჩემთვის, როგორც თქვენთვის, ალბათ, ამ ორი დროშის წინ დგომა არის რაღაც სხვა, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოსთან. ორივე დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დასდო, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებაზე, რომელშიც როგორც საქართველოს არსებული სახელმწიფო დროშა, ისე ძველი დროშა იყო გამოფენილი.

სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა.

„დღეს 9 აპრილს, აქ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩვენ პირველად ვატარებთ ერთობლივ ღონისძიებას და ამისთვის მადლობა თქვენ. დღეს აქ მოვიპატიჟეთ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყველა წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამ ადამიანების დამსახურებაა. მათი აქ ყოფნა, თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს თქვენს აღიარებას, მათი და თქვენი აქ ყოფნა საზოგადოებრივი თანხმობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს აქ არიან 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ოჯახის წევრები და მათ მინდა მივესალმო, აქ არის ის უზენაესი საბჭო, რომელმაც კარი გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არ არის შემთხვევითობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ერთსულოვნება ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია.

„არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას აქ შეკრებილი უზენაესი საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 28 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. სწორედ, მათ შეძლეს აღედგინათ 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს აქ, ერთად არიან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე, მაგრამ შემოგვითვალა, რომ ვერ მოვიდოდა, მე მგონი, აქ უნდა ვახსენოთ. ეს ადამიანები ყველანი, საქართველოს ამ გამარჯვების მონაწილეები არიან. სიმბოლურია, რომ დღეს, აქ, ამ სასახლეში, საქართველოს სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება შეიკრიბა და გამოხატავს პატივისცემას თქვენს წინაშე. ამით დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იდგმება ქვეყნისა და საზოგადოების შერიგებისა და გამთლიანების მიმართულებით. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განვლილი გზა გვიჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთსულოვნებას ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ უთანხმოებაში, დაპირისპირებაში, გაუტანლობაში. წინსვლის გზა კი, ერთიანობაში, საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაში, ერთმანეთის პატივისცემაშია. სახელმწიფოებრიობის განმტკიცება საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ასეთი თანხმობა შედგა 1989 წლის 9 აპრილს და ამან განაპირობა რეფერენდუმის შედეგები. დღეს კი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი. ამ რეფერენდუმზე დგას არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლეგიტიმაცია. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში მნიშვნელოვანია პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმი, მაგრამ ამასთან ერთად, მისი წინსვლა წარმოუდგენელია ერის ერთსულოვნების გარეშე.დარწმუნებული ვარ, შერიგებითა და ერთსულოვნებით, საქართველო გახდება წარმატებული, თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო, სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდით თქვენ, როცა ხელს აწერდით ამ დამოუკიდებლობის აქტს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.