დღეს „არ დაიდარდოს“ ეთერში 9 აპრილის თემატიკით შექმნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა. ლექსის ავტორი გახლავთ ლალი სხირტლაძე, სიმღერა და არანჟირება კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ,,სახელები“ პირველად 1990 წლის 9 აპრილს გაჟღერდა. შემდეგ არქივიდან ეს სიმღერა დაიკარგა და სწორედ 30 წლის შემდეგ შემთხვევით მოხდა ჩანაწერის პოვნა, რომლის პრემიერაც დღეს შედგა.
სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: ეკა მამალაძე, თემურ რცხილაძე, ეკა კვალიაშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, ბესო კალანდაძე, ალეკო ბერძენიშვილი, რომა რცხილაძე, თემურ ყვითელაშვილი, თემურ თათარაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ირმა სოხაძე, ვახო მაკალათია, ვეფხია კელაპტრიშვილი, გოგონათა კვარტეტი: მაია ჯორჯაძე, მაია მუხიგულაშვილი, ნინო ლომიძე, ირინა დგებუაძე.
„9 აპრილი ის დღეა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება ქართველ მოსახლეობას და მომავალ თაობებსაც გადაეცემათ. როდესაც ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ პრემიერა შედგა, მეც გამიჩნდა სურვილი, პატივი მიმეგო იმ გმირებისთვის, რომლებიც ჩვენს თვალწინ დაიხოცნენ. შევქმენი მელოდია და მოვასმენინე კარგ პოეტს ლალი სხირტლაძეს, რომელმაც დაწერა ტექსტი სიმღერისთვის. ამ სიმღერის პრემიერა 1990 წლის 9 აპრილს შედგა და გაჟღერდა ტელე-რადიო ეთერში. შემდეგ ისე მოხდა, რომ არქივიდან დაიკარგა სიმღერა და მეც არ მქონდა შენახული. 30 წლის შემდეგ კი სასწაული მოხდა, ლალიმ შემთხვევით სახლში იპოვა ძველი ვიდეოფირი, სადაც სიმღერის მთლიანი ჩანაწერი ინახებოდა. ჩანაწერი ავტვირთეთ იუთუბზე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა აზიარებდა. ყველას გაახსენდა ის დრო, ის პერიოდი. ძველი ჩანაწერი იყო, ამიტომ იყო ხარვეზები შეძლებისდაგვარდა მოვახერხეთ მისი გადაწერა და დღეს სწორედ თქვენს ეთერში მოხდება სიმღერის დაპრემიერება.” – აღნიშნა გია მაჭარაშვილმა “არ დაიდარდოს” ეთერში.
სიმღერის აუდიოჩანაწერი – ,,სახელები“
