საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 9 აპრილის ღამეს და განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ის წინასწარ გრძნობდა, რომ ხალხი მის მოწოდებას არ დაუჯერებდა და გადაწყვიტა თვითონაც მათ გვერდით დარჩენილიყო.
„მე მზად ვიყავი“ – ამბობს ის კითხვაზე, თუ რატომ არ ავიდა მთავრობის კაბინეტში, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა და გააზრებული ჰქონდა თუ არა ის, რომ შესაძლოა ეს დღე მისთვისაც ბოლო ყოფილიყო.
ილია მეორე ასახელებს იმ პირებსაც, რომლებმაც მას საფრთხის შესახებ აცნობეს. ასევე ყვება ჯუმბერ პატიაშვილზე, რომელიც მისი თქმით, თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
„9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამეს მოვიდა შოთა გორგოძე (შინაგან საქმეთა მინისტრი – რედ.) და მერაბ ღუდუშაური (პოლკოვნიკი, ილია მეორეს ბიძაშვილი) და მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს და მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის.
ძალიან მიჭირდა მე…
ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა.
მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ. მაგრამ…
მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართებოდა, მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი.
როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა!
ეს იყო მზადყოფნა. ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილი ელოდათ და წამოვიდა ტანკები. ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო. მე გული მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ…
ისინი დადგნენ იმისათვის, რომ დაცვა ყოფილიყო, რომ მე არ მომხვედროდა…
მე უარი ვუთხარი მთავრობის კაბინეტში ასვლაზე. ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილისა. ზოგიერთი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოვიდეს-მეთქი. მეორე დღეს მე დავრეკე და ვანუგეშე… ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
ჩვენმა ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ისინი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე.
და მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში, გარდაცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები. ეს იყო უმძიმესი საყურებელი…
რა უნდა გავითვალისწინოთ
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. უნდა გავითვალისწინოთ ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგვინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს.
ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის, ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავს, სამშობლოსათვის, მეგობრობისათვის,“ – ამბობს პატრიარქი „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
