LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: სააკაშვილისთვის უკრაინული პასპორტის დაბრუნება სამართლიანი იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება სამართლიანი იქნებოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს უფლებები უსამართლოდ ჩამოართვეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადემირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას ითვალისწინებს. საპასუხოდ, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას, ვისაც სურვილი ექნება უკრაინის თავისუფლებისთვის, მათ გვერდით იბრძოლოს.

სწორედ ზელენსკის ამ განცხადების საპასუხოდ გააკეთა პუტინმა ეს კომენტარი.

„რაც შეეხება თავისუფლებას, ამ კუთხით სჯობს რუსეთიდან კი არა, ქართველებით ან ყოფილი ქართველებით დაიწყოთ. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. მას უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და უკანონოდ გააძევეს ქვეყნიდან“, – განაცხადა პუტინმა.

მანვე ზელენსკის ურჩია, სხვა უკრაინელებზეც იზრუნოს, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან ქვეყნიდან გაძევებულები და დევნილობაში იმყოფებიან.