LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეებზე უმრავლესობის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს და ასევე, ინიციატივას კენჭს უყრიან.

საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შეიტანა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

„ვენეციის კომისიის და ეუთო-ს სხვა სახელმწიფოების ქვეყნების რჩევის მიუხედავად, ერთ პატარა დათმობაზეც არ წამოვიდნენ, რომ იუსტიციის საბჭოში საკითხის გადაწყვეტა ყოფილიყო ღია კენჭისყრით. დახურული კენჭისყრა აირჩიეს, რათა არ გამჟღავნებულიყო ამ კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან სამწუხაროა ეს სურათი, მაგრამ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება მსგავსი თავხედობა ხელისუფლებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.

დღესვე პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.

პირველი მოსმენით განხილვა გუშინ თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ინიციატივის განხილვა დღის წესრიგში არ შეიტანა

მმართველი გუნდი 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროეტს არაკონსტიტუციურს უწოდებს.