სოფელ ყანდაურაში შვილის, რძლისა და ბიძაშვილების მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს კახეთის სამხარეო პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ დილით იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ ბრალდებული ასაკიანია, სასამართლოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, საქმის განხილვის დროს მას გარკვეული შეღავათი დაუწესოს და მაგალითად, სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯოს.
აღიარებს თუ არა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს, ადვოკატი ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა. შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ გაიმართოს”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი მოკლა. საკუთარი ცოლი კი დაჭრა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
